ბიზნესრევიუმნიშვნელოვანისაქართველო

“ერთად უკეთესი გარემოსთვის!”- ევროკავშირი „მწვანე კვირეულს“ იწყებს

“ერთად უკეთესი გარემოსთვის!” – ევროკავშირი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში იწყებენ საინფორმაციო კამპანიას „მწვანე კვირეული“.
2020 წლის 2 ივნისს ევროკავშირი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იწყებს კამპანიას „მწვანე კვირეული“ – სლოგანით „ერთად უკეთესი გარემოსთვის!“.

 „ევროპის გუნდი“ საქართველოს გვერდითაა და ეხმარება მას COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების დაძლევაში.  ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოს არაჩვეულებრივი გარემოსა და მისი ბიომრავალფეროვნების დასაცავად. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ „მწვანე“ რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს, გახადოს საქართველოს ეკონომიკა უფრო ცირკულარული და უფრო მდგრადი, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობას წარმოადგენს“, აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, კავშირების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

კამპანია ჩატარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ყოველწლიურად, 5 ივნისი –  გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აერთიანებს ადამიანებს, საზოგადოებას და მთავრობებს, რომ მათ მიიღონ ზომები პლანეტის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. წელს მსოფლიო ერთიანდება ბუნების და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გარშემო. ჩვენი მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, მის უნიკალურ მრავალფეროვნებას და ყველა ცოცხალ ორგანიზმის კეთილდღეობას ჩვენი მომავალი თაობების მდგრადი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, ერთად ვიზრუნოთ ისეთი მომავლისთვის, რომელიც უფრო უკეთესი იქნება ადამინისთვის და პლანეტისთვის,”- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“, რომელიც 2 ივნისიდან 8 ივნისამდე ჩატარდება, ორიენტირებული იქნება ბავშვებზე, ახალგაზრდებსა და ფართო საზოგადოებაზე, ყურადღებას გაამახვილებს გარემოს მნიშვნელობაზე ჩვენთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ხაზს გაუსვამს იმ როლს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ასრულებს გარემოს დაცვაში. კამპანიის დროს წარმოდგენილი იქნება 52 რჩევა, რომელიც დაგვეხმარება გარემოს დაცვაში, ეკო-ფაქტები და ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გარემოს დაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდება ტელევიზიისა და ინტერნეტის, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდის მეშვეობით.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი თარიღია. 1974 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. ის აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ცნობილ ადამიანებსა და მოქალაქეებს, მწვავე გარემოსდაცვით საკითხების გადასაჭრელად.

2020 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის თემა ბიომრავალფეროვნებაა – მწვავე და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხი. დედამიწაზე სიცოცხლის სხვადასხვა ფორმასა და მათ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ჩვეულებრივ, ბიომრავალფეროვნებას უწოდებენ.

ბიომრავალფეროვნების შემცირება ბევრი მიზეზის გამო წარმოადგენს პრობლემას. საკვები, რომელსაც მივირთმევთ, ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ და კლიმატი, რომელიც პლანეტაზე საარსებო პირობებს ქმნის — ეს ყველაფერი ბუნებიდან მომდინარეობს. ბიომრავალფეროვნებას ქმნის მცენარეებისა და ცხოველების  8 მილიონი სახეობა, ეკოსისტემები, რომლებშიც ეს მცენარეები და ცხოველები ბინადრობენ და მათი გენეტიკური მრავალფეროვნება.

ევროკავშირი გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიო ლიდერია. გარემოს დაცვა საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვის პრაქტიკის სრულყოფას, წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას.

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული პარკების განვითარებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, „მწვანე ზრდის“ შესაძლებლობების ხელშეწყობას, ნარჩენების მართვის პრაქტიკისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, გარემოსდაცვითი რისკებისა და მათი ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების უზრუნველყოფას. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტებისა ისეთ დარგებში, როგორიცაა  წყალმომარაგება და წყალარინება, ნარჩენების მართვა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის განვითარება.

„მწვანე კვირეულის“ ღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის:

https://eu4georgia.ge/environment/

https://www.facebook.com/EuropeanUnioninGeorgia

https://www.facebook.com/eiec.gov.ge

 

მსგავსი პოსტები

Back to top button