რუსები დიდ ზარალს განიცდიან, მათ არ შეუძლიათ ბახმუტს ალყა შემოარტყან

რუს ოკუპანტებს ბახმუტისთვის ალყის შემორტყმა არ შეუძლიათ. ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ CNN-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ხელმძღვანელობას ჯარები გაჰყავს მაშინ, როდესაც პირადი შემადგენლობისთვის საფრთხეს ხედავს და ამას ორგანიზებულად და პანიკის გარეშე აკეთებს.
“რუსი ოკუპანტები დიდ ზარალს განიცდიან, მათ არ შეუძლიათ ბახმუტს ალყა შემოარტყან. უკრაინელი სამხედროები ციხე-ქალაქს ჯერ არ დატოვებენ. სარდლობა ჯარებს გაიყვანს, თუ საფრთხეს დაინახავს, მაგრამ ამას ორგანიზებულად და პანიკის გარეშე გააკეთებს”, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.
ჩერევატიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ჯერ არ აპირებენ ქალაქის დატოვებას.
“მხოლოდ ხელმძღვანელობა ხედავს, არსებულ ვითარებაში რამდენად არის ამის საჭიროება. და ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება შტაბის სხდომაზე მიიღება. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ახლა არ არის”, – თქვა ჩერევატიმ.
მისი თქმით, ბახმუტის შტურმისთვის რუსები “ვაგნერის” დაჯგუფების ყველაზე გამოცდილ დაქირავებულ მებრძოლებს იყენებენ, რომელთა მეთაურებიც სირიაში, ლიბიაში და სხვა ცხელ წერტილებში იბრძოდნენ.
“მტრის რიგებში უდიდესი დანაკარგებია. და ამ გმირული ბრძოლით ბახმუტის ფრონტის დამცველები მტერს სისხლისგან ცლიან, ასუსტებენ მას, რეზერვებისთვის პლაცდარმს ამზადებენ, რომლებიც შემდეგ მოვლენ და ჩვენი ტერიტორიიდან მტერს გააგდებენ”, – თქვა ჩერევატიმ.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბახმუტთან ბრძოლების ინტენსივობა იზრდება. ამასთან, თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბახმუტის მიმართულება კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება, რის გამოც იქ გაძლიერებული ძალები გაიგზავნა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები სვატოვოსა და კრემინას მახლობლად და, სავარაუდოდ, შეზღუდულ წინსვლას მიაღწიეს კრემინას ჩრდილოეთით.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, გააძლიერებენ ჩართულობას “ცრუ დროშის” ოპერაციებში, რადგან ლუგანსკის ოლქში მიმდინარე რუსული შეტევა კულმინაციას უახლოვდება და უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობები იზრდება.
ISW შეფასებით:
“რუსული ძალების შეტევას ლუგანსკის ოლქში არ გააჩნია საკმარისი რეზერვები შეტევის მასშტაბის ან ინტენსივობის გასაზრდელად”.
ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერც კრემენაიას რაიონში მიაღწიეს, სადაც ისინი წინსვლას ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ცდილობდნენ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლუგანსკის რეგიონში ტაქტიკური ჩიხია.