ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი თბილისში, თავისუფლების მოედანზე და ქვეყნის მასშტაბით ხუთ ისტორიულ ადგილას დადეს

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი თბილისში, თავისუფლების მოედანზე და ქვეყნის მასშტაბით ხუთ ისტორიულ ადგილას დადეს – ნოქალაქევში, სამთავისში, ხევში, ვეჯინში, გეგუთის სასახლეში.
საზეიმო ვითარებაში ფიცი 700-მდე ახალწვეულმა დადო.
“მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში:
ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;
ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები;
ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი;
ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;
ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის.
თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი“ – წარმოთქვეს ახალწვეულებმა.
ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი, ყველაზე დიდი პატივია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ჩიქოვანმა განსაკუთრებით მიულოცა ეროვნული დღესასწაული რეკრუტებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი 26 მაისს დადეს და ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს და საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ სამშობლოსათვის.
„საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე, ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები არასდროს დაივიწყებენ, რის ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და არასდროს დაივიწყებენ იმ მებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას შესწირეს სიცოცხლე.
მინისტრის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და მათთან ერთად ვეტერანებს, რომლებმაც თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი შექმნეს.
ქართული ჯარისადმი სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქედი მოიხარა დაღუპული გმირი მეომრების წინაშე და განაცხადა, რომ სწორედ ქართველი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს.
“საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა”, – ამ განაცხადით დაიწყო ჯერ კიდევ 107 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა. აქტით, რომელსაც ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე, 5-დღიანი კონსტიტუცია დაემატა, ასეთივე ლიბერალური და თანასწორობაზე დამყარებული.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 107 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დამოკრატიული ფედერაციული რესპულიკა დაშლილად გამოაცხადა, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითა.
პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია არ აღიარებდა პრივილეგირებულ რელიგიებს და სახელმწიფო ხაზინიდან კრძალავდა ფულის გაცემას ეკლესიის საჭიროებისთვის. იცავდა უმცირესობის უფლებებს, გენდერულ ბალანსსაც, – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში 5 ქალი მოხვდა. რუსეთის იმპერიიდან და 100-წლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ამ გადასახედიდანაც კი, მისაბაძი დემოკრატიის აშენება საქართველომ 1921 წლის 25 თებერვლამდე მოასწრო, ამის შემდეგ იყო 70-წლიანი გასაბჭოება და ამ დრომდე რუსეთისაგან სრულად გათავისუფლებისთვის ბრძოლა.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი 26 მაისს მიიღო, რაც იმას ნიშნავდა რომ იმდროინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ რუსეთის იმპერიის მონობაზე უარი თქვა და ასე შემოვიდა ევროპა, საქართველოში რუსეთის გვერდის ავლით.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალული იყო.
1918 წელს მოპოვებული დამოკიდებლობის აღდგენა საქართველომ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
პირველი რესპუბლიკის დაარსების დღესასწაულს ქვეყანა ყოველ 26 მაისს აღნიშნავს.