მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსები ქვეყანას ყველა შესაძლო გზით ტოვებენ

ავია-რეისებით, რკინიგზით და ზღვით – რუსები ქვეყანას ყველა შესაძლო გზით ტოვებენ. მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველი რუსების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ სატრანსპორტო კომპანიებში კოლაფსი მოხდა. ახლა ავია-კომპანიებმა და რკინიგზამ ბილეთების რეალიზაცია შეწყვიტეს.

კილომეტრობით რიგებში ათასობით რუსი დგას სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში. საქართველოს გარდა ახალგაზრდა რუსი მამაკაცების ნაკადი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გადასვლასაც ცდილობს. ათასობით ადამიანი, ასობით მანქანა და კილომეტრებზე გადაჭიმული რიგი – რუსეთ-საქართველოს ლარსის საზღვარი პარალიზების ზღვარზე მუშაობს. საქართველოში შემოსვლას ცდილობენ რუსები, რომლებიც სამშობლოდან გარბიან. ქვეყნის ფაქტობრივად ყველა რეგიონიდან მოქალაქეები, რომლებსაც ომში გაწვევის საფრთხე ემუქრება, რუსეთის დატოვებას და უცხო ქვეყნებში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ. ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი საქართველოა. ლარსის საბაჟოს გარდა განსაკუთრებულ რეჟიმში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც მუშაობს.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოსკენ მომავალ გზას ადგას ათასობით რუსი, რომელსაც უკრაინასთან ომში სიკდილი არ უნდა. სოციალური ქსელებში შექმნილია ასობით ჯგუფი, რომლებშიც რუსები ერთმანეთს თბილისამდე მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარებიან. უფრო მეტიც, საქართველოში გადმოყვანა ზოგისთვის ბიზნესადაც კი იქცა. “ქართული ოცნება” ამ პროცესს მდუმარედ ადევნებს თვალს. ხელისუფლებას არათუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკა არ შეუცვლია, იმის გათვლასაც კი არ ცდილობს თუ რა სამართლებრივ რეჟიმში უნდა მოაქციოს რუსეთიდან გამოქცეული ადამიანები.
ქვეყანაში დარჩენილები კი საპროტესტო აქციების გამართვას ცდილობენ და პუტინის რეჟიმი მათ სპეცრაზმელებს უპირისპირებს. უკვე დაკავებულია 1500-მდე ადამიანი, რომელმაც მობილიზაცია გააპროტესტა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ავტომობილების და იმ ხალხის რაოდენობა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, საგრძნობლად გაიზარდა. „ბიბისის“ ცნობით, ფინეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორც ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანთი კაიკოვენმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ ქვეყანა ყურადღებით აკვირდება საზღვარზე არსებულ სიტუაციას.

ევროკავშირში ფინეთს რუსეთთან ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს. მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას აპირებს.

ამასთან, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორაცია, რომ რუსეთს მასობრივად ტოვებენ მამაკაცები. გამოცემა „ნორდიკ ნიუსმა“ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ფოტომასალა გაავრცელა, სადაც საავტომობილის რიგია ასახული.
ესტონეთი არ აპირებს თავშესაფრის მინიჭებას რუსებისთვის, რომლებიც მობილიზაციის თავიდან აცილებას ცდილობენ.

“რუსეთში საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების საკმარისი მიზეზი არ არის”, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ სააგენტო Reuters-ის წერილის საპასუხოდ.

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსებს, რომლებსაც ესტონეთში ბინადრობის ნებართვა აქვთ, უკრაინაში საბრძოლველად წასვლის შემთხვევაში, ქვეყანაში აღარ შეუშვებენ.

უფრო ადრე ლატვიამ თქვა უარი ამ კატეგორიის რუსეთის მოქალაქეთათვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემაზე. ლიეტუვა მსგავს განცხადებებს “ინდივიდუალურად” განიხილავს.

ფინეთმა ადრე განაცხადა, რომ უარს ეტყვის ტურისტულ ვიზებზე რუს მამაკაცებს, თუ არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ ისინი არ დაბრუნდებიან რუსეთში. პორტალ EUobserver-ს ერთ-ერთმა ინკოგნიტო ფინელმა დიპლომატმა უთხრა, რომ “ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური დისკუსიაა იმაზე, უნდა მისცენ თუ არა თავშესაფარი რუს რეზერვისტებს.” ფინეთმა ასევე მიმართა ევროკომისიას წინადადებით, გამკაცრდეს რუსების შესვლა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button