რუსები სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსები სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ. მისი თქმით, იქ სასტიკი ბრძოლა მიდის.
“მტერი თავდასხმებს ახორციელებს კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, ასევე ისინი სვატოვოს შტურმით აღებას ცდილობენ. მთელი დღეა, რაც იქ მტრის თავდასხმებს ვიგერიებთ.
ამასთან, უკვე მეორე დღეა, რაც ბახმუტის მიმართულებით დაბომბვის ინტენსივობა გაიზარდა და ფაქტობრივად, ყველა ამ მიმართულებით უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ვართ”, – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მალიარის თქმით, კუპიანსკის, ლიმანისა და სვატოვოს მიმართულებით მტერი წინსვლას ვერ ახერხებს, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა თავდასხმის მოგერიებას ახერხებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ.
რუსეთის ძალებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, იერიშის შედეგად დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება, დაღუპულია ექიმი, ექთანი კი დაშავდა.
შესაბამის ინფორმაციას სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის უფროსი რომან მროჩკო, ასევე ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
„დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა ექიმი, რომელიც სულ რამდენიმე დღე მუშაობდა თანამდებობაზე, დაშავებულია მედდა, რომლის სიცოცხლისთვისაც ჩვენი მედიკოსები იბრძვიან“, – აღნიშნავს მროჩკომ.
პროკურატურის ცნობით, ამჟამად ტარდება აგრესორი ქვეყნის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფიქსირებისთვის საჭირო პირველადი ღონისძიებები.
უკრაინის ქალაქ კრივირიჰში პირველი აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქზე ოკუპანტების თავდასხმას 6 ადამიანი, მათ შორის 5 წლის გოგო ემსხვერპლა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულებიდან 7 ბავშვია. 19 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
რუსმა სამხედროებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში 31 ივლისს მიიტანეს. ერთი რუსული რაკეტა უნივერსიტეტის 4-სართულიან შენობას, მეორე კი – საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა კრივი-რიჰზე შეტევისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მტერი ჯიუტად უტევს ქალაქების ცენტრებს, სახლებს და სამოქალაქო ობიექტებს, თუმცა „ეს ტერორი“ უკრაინას ვერ შეაშინებს და ვერ გატეხს.
გასულ ღამეს რუსეთმა ხარკოვს “კამიკაძე” დრონებით შეუტია, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბომა, განაცხადა, დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა.
“ოკუპანტებმა ხარკოვს “კამიკაძე” დრონებით შეუტიეს. შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობე,” – თქვა სინეგუბოვმა.
ამ დროისთვის დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.