რუსები უკრაინაში ბავშვებს არამარტო კლავენ და ასახიჩრებენ, ისინი საკონცენტრაციო ბანაკებშიც მიჰყავთ
ომის დაწყებიდან 183-ე დღე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 900-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა- ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდის ბოლო ინფორმაცია და მონაცემები, რომლის გადამოწმებაც UNICEF-მა შეძლო. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდი იყოს.
გაეროს ინფორმაციით, ომმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო სისტემაც გაანადგურა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ 10 სკოლიდან 1 დაზიანებული ან დანგრეულია, მშობლებს შვილების სკოლებში წაყვანის ეშინიათ. სასწავლო წელი ომში მყოფ ქვეყანაში ერთ კვირაში უნდა განახლდეს. გაერო ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა ოკუპირებულ მარიუპოლში სკოლის შენობა იწვის, ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსებსაც მოედო, – ინფორმაციას
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხზე ავრცელებს.
მარიუპოლის მერის მრჩეველზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოკუპანტები ცეცხლის ჩაქრობას არ ჩქარობენ.
“საოკუპაციო ხელისუფლება პრობლემას უგულებელყოფს. შეწყვიტეთ ხალხის დაცინვა! გაგზავნეთ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები ხალხის გადასარჩენად”, – თქვა პეტრ ანდრიუშენკომ.
ომის ბავშვებზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენერალურ პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 374 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2328 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 289 კი მთლიანად განადგურდა.
რუსები უკრაინაში ბავშვებს არამარტო კლავენ და ასახიჩრებენ, ისინი საკონცენტრაციო ბანაკებშიც მიჰყავთ. ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დარია გერასიმჩუკის თქმით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე 234 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან – რუსეთში, ბელარუსში ან დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკში.
ევროპის შუაგულში დაწყებულმა ომმა მილიონობით უკრაინელი ქალი და ბავშვი ლტოლვილად აქცია. UNICEF-ის ინფორმაციით, ომის შედეგად უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ოჯახები უკრაინიდან მიიღო საქართველომაც.
ომის დაწყებიდან 183-ე დღე დნეპროპეტროვსკის ოლქში გლოვით გათენდა. რუსეთმა ჩაპლინოს დასახლებული სექტორი და რკინიგზის სადგური უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაბომბა. გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 25-მდე გაიზარდა. მათ შორის ორი ბავშვია. 6 წლის მცირეწლოვანის ცხედარი ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელიც რკინიგზის სადგურის დაბომბვისას დაიწვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ისევ დაბომბეს. შედეგად ქალაქი ენერგოდარი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. თავად სადგურს რუსები მარტიდან აკონტროლებენ. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა ვიდეომიმართვის ჩაწერა და გავრცელება ამ პერიოდის განმავლობაში პირველად მოახერხეს.
უკრაინაში შეჭრიდან 183-ე დღეს, რუსეთმა სუმის ოლქი 32-ჯერ დაბომბა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქის ვიშგოროდსკის რაიონში. არაერთი სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ ხარკოვსა და ოლქის რამდენიმე დასახლებაზე. შედეგად, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. ხმელინცკის ოლქში ორი სარაკეტო თავდასხმა მოხდა – არიან დაშავებულები, მათ შორის 2 ბავშვი. რუსეთმა კასეტური ტიპის რაკეტებით დაბომბა ქალაქი კრივოიროგი, მიკოლაევში კი, რომელზე თავდასხმაც “ეს-300” ტიპის სარაკეტო სისტემებიდან მოხდა, 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია.
უკრაინულმა მედიამ ქვეყნის ოკუპირებული კიდევ ერთი ქალაქიდან ვიდეომასალის გავრცელება მოახერხა. დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები ავტომატებით დაცხრილეს. ქალაქ მარგანცში მყოფი ადგილობრივები თავშესაფრების დატოვებას ვერ ახერხებენ.
საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სლავიანსკის საცხოვრებელი კორპუსიც, არიან დაშავებულები.
ურთულესია ვითარება დონბასში, საიდანაც უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობენ. მოსახლეობა მათ თავშესაფრებში ელოდება.
ეს ოკუპირებული მარიუპოლია, სადაც მოქალაქეების ნაწილმა უკრაინის სახელმწიფო დროშა გუშინ ღამით ქალაქის ცენტრში აღმართა. დილა იქ ხანძრით გათენდა. ცეცხლი სკოლაში გაჩნდა და საცხოვრებელ კორპუსებზე გავრცელდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ცეცხლის ჩაქრობას არ ჩქარობენ.
უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას განაგრძობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ კახოვკას ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუსი სამხედროები სარგებლობდნენ. ასევე, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ოკუპანტების საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს. იბრძვიან პარტიზანებიც, რომლებმაც მელიტოპოლში ააფეთქეს შტაბი, სადაც ე.წ. რეფერენდუმისთვის ემზადებოდნენ.