რუსებმა „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღკვეთა“
პუტინის თქმით „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები უკრაინაში ვითარებას კარდინალურად არ შეცვლის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღკვეთა“.
რუსეთი სტანდარტულად ასე მოიხსენიებს დრონებით შეტევას. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ე.წ. თვითმფრინავის ტიპის 28 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი” გაანადგურეს ბელგოროდის და კურსკის ოლქების და შავი ზღვის აკვატორიის თავზე. ტელეგრამ-არხით გამოქვეყნებულ შეტყობინებაში შედეგების შესახებ არაფერია ნათქვამი.
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ირწმუნება, რომ დილის 5 საათისთვის განხორციელებული შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სტაროვოიტის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, ჩამოგდებულია 6 და ჩახშობილია 4 დრონი. 6 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. მისი წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე დრონებით შეტევა ხშირად ხდება. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ამასთან ვლადიმერ პუტინის თქმით, „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები უკრაინაში ვითარებას კარდინალურად არ შეცვლის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, პეკინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პუტინმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას აშშ-ის შეცდომა უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს მხოლოდ „გაახანგრძლივებს უკრაინის აგონიას“ და ეს რაკეტები არ შეცვლის ვითარებას ფრონტის ხაზზე.
„პირველეს ყოვლისა, ეს მავნებლობაა და ქმნის დამატებით საფრთხეს. მეორე კი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ რაკეტების მოგერიებას შევძლებთ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს დაავალა, დაიწყონ პატრულირება შავი ზღვის საჰაერო სივრცეში.
„ჩემი დავალებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები მუდმივ საფუძველზე დაიწყებენ პატრულირებას შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში. ჩვენი თვითმფრინავები აღჭურვილია კომპლექს „კინჟალებით“. ეს კომპლექსები 1 000 კილომეტრის სიშორეზე მოქმედებენ. ეს მუქარა არ არის“, – განაცხადა პუტინმა. პუტინი ამბობს, რომ “რუსეთის ქმედებები საფრთხეს არ წარმოადგენს”. ცნობისთვის, კინჟალის დაფარვის მანძილი 1000-ს კილომეტრს აღემატება.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის სპეციალურ ძალებში განაცხადეს, რომ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტებით მიიტანეს დარტყმები რუსეთის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაზე, რომელიც რუსეთი მიერ დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანკსში მდებარე აეროდრომებზე იყო დისლოცირებული. უკრაინული მხარის ცნობით, შედეგად გადანდგურებულია რუსული ვერტმფრენები, სპეცტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები სისტემა, ტყვია-წამლის საცავი და ასევე დაზიანდა ასაფრენი ბილიკი.
როგორც ამერიკული მედია წერს, უკრიანამ აშშ-სგან „ატაკამსის“ ტიპის 20 რაკეტა მიიღო, რომელთა მოქმედების რადიუსი 165 კილომეტრია.