რუსებმა ლიმანი დაბომბეს

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის დაბომბვის შედეგად. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, ქალაქის კერძო სექტორზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან მიიტანეს. შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე სახლი და მაღაზია.
დაახლოებით ათ საათზე რუსებმა ქალაქს MLRS სარაკეტო სისტემებიდან შეუტიეს – კერძო სექტორს დაარტყეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სასწრაფი დახმარება დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევს”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინელმა მოხელემ ტელეგრამის არხში ამ იერიშის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად ლიმანში ოთხი ქალი და ორი მამაკაცი დაიღუპა.
რუსეთის მხარეს ლიმანის დაბომბვის შესახებ ცნობა არ გაუვრცელებია.
დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი უკრაინის არმიამ 2022 წლის 1 ოქტომბერს გაათავისუფლა რუსეთის ოკუპაციისგან. ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები.2022 წლის 4 ოქტომბერს, ლიმანში გაიმართა უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია. მაგრამ რუსეთი მას შემდეგ განაგრძობს ლიმანისა და მის გარშემო არსებული დასახლებული პუნქტების დაბომბვას.
8 ივლისს ღამით ოკუპანტები დნიპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი-რიჰს დრონებით თავს დაესხნენ. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერჰეი ლისაკი ავრცელებს.
“ღამით მტერმა კრივი-რიჰს დრონებით დაარტყა, მათი სამიზნე სასოფლო-სამეურნეო საწარმო იყო. ადგილზე ერთდროულად ორი ხანძარი გაჩნდა. მთლიანობაში ცეცხლმა 360 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, მაშველებმა ის ჩააქრეს. განადგურდა რამდენიმე საწყობი, დაზიანდა ტექნიკა და მანქანები”, – წერს ლისაკი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.