საქართველოს ეროვნული გმირის სოფელში სააკაშვილის წარმომადგენელმა ექიმების ჯგუფი ჩაიყვანა.

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სოფელში, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ექიმების ჯგუფი ჩაიყვანა.
მედიკოსები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, ჰუმანიტარული მისიით ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია ანწუხელიძის საცხოვრებელ სახლში გაუწიეს.
სოფო ჯაფარიძის განმარტებით, ჰუმანიტარული ინიციატივა კიდევ გაგრძელდება.
„დაპირებისამებრ, გრძელდება ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა. დღეს, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მომეცა ექიმებთან ერთად მოვსულიყავი საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში – ალვანში. მის სახლში, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციას და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენი მასპინძელი სწორედ ჩვენი ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის ოჯახია.” – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჰუმანიტარული აქცია სხვადასხვა დროს, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს.