რუსებმა უკრაინაში 497 ბავშვი მოკლეს-ომში ოკუპანტების 243 220 ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის აგრესიას 497 ბავშვი ემსხვერპლა, 1 077-ზე მეტი კი დაშავდა.
“რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში საერთო ჯამში 1 574 ბავშვი დაზარალდა. 2023 წლის 25 ივლისის დილის მდგომარეობით, დაიღუპა 497 ბავშვი და დაშავდა 1 077-ზე მეტი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც პროკურატურა აღნიშნავს, რიცხვები საბოლოო არაა. საომარი მოქმედებების ზონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ზუსტი რიცხვების აღსაწერად სამუშაოები მიმდინარეობს.
პროკურატურის ინფორმაციითვე, ყველაზე მეტად დაზარალდა დონეცკის ოლქი:
დონეცკის ოლქი – 481
ხარკოვი – 298
კიევი – 129
ხერსონი – 116
ზაპოროჟიე – 97
მიკოლაევი – 89
დნიპრო – 83
ჩერნიჰივი – 71
ლუგანსკი – 67.
24 ივლისს დონეცკის რეგიონში ოკუპანტების თავდასხმას 10 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. 5 და 12 წლის ბავშვები კი დაშავდნენ. ხარკოვის რეგიონში დაბომბვის შედეგად 12 წლის ბავშვი დაშავდა.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 243 220 ჯარისკაცი დაკარგა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 600 სამხედრო, 30 საარტილერიო სისტემა, 13 ჯავშანტექნიკა და 14 დრონი. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 25 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 4174
ჯავშანტექნიკა – 8131
საარტილერიო სისტემა – 4705
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 698
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 454
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3977
ფრთოსანი რაკეტა – 1307
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7194
სპეცტექნიკა – 703
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.