მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან ტრანსპორტის გრძელ რიგებია

რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებსა და სურათებზე ასახულია, რომ უღელტეხილზე უმოძრაოდ მყოფი ტრანსპორტის გრძელ რიგებია – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, დღეს ტერიტორიაზე დრონით გადაღებული ვიდეო მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მხარეს ასობით მანქანაა თავმოყრილი.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხალხი საქართველოში გადასვლას თითქმის 48 საათი ელოდება.
ჩრდილოეთ ოსეთის ვიცეპრემიერი ირბეკ ტომაევი ამბობს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგში 3 500 მსუბუქი ავტომობილი და 1 300 სატვირთო მანქანაა.

ტომაევის თქმით, გასულ კვირას ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ორივე მიმართულებით, 37 000-ზე მეტმა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც მისივე თქმით, წინა კვირასთან შედარებით, 23.3%-ით მეტია.

“ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გამო, ჩვენი რესპუბლიკის გავლით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს მიმართულებით გადამსვლელთა ნაკადი. დღეს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, საზღვარზე რიგში 3 500-მდე მსუბუქი ავტომობილია. სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 891-ს შეადგენს, მათ შორის 1 391 სატვირთოა”, – თქვა ტომაევმა.
როგორც CNN წერს, რამდენიმე ვიდეოზე ასახულია, რომ რუსეთის უსაფრთხოების დამატებითი ძალები საზღვარზე ჯავშანტრანსპორტირით ჩამოდიან.

მათივე ცნობით, ზემო ლარსის გადასასვლელზე და სხვა სასაზღვრო პუნქტებზე რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

„მოულოდნელი შემოდინების ფონზე, ჩვენ ზეწოლას ვახორციელებთ მთავრობაზე, რათა სავიზო რეჟიმი შემოიღოს ან/და საზღვრების დახუროს“, – განუცხადა CNN-ს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნონა მამულაშვილმა.

ამასთან, CNN-მა დღეს Maxar Technologies-ის მიერ კვირას, 25 სექტემბერს გადაღებული სატელიტური სურათი გამაქვეყნა, სადაც ასახულია საქართველოსთან საზღვრის რუსეთის მხარეს ტრანსპორტის გრძელ რიგები. Maxar-ი აცხადებს, რომ საზღვართან ტრანსპორტის დაახლოებით 16 კილომეტრიანი რიგია.

ამერიკული მედიასაშუალბა დასძენს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი კვლავ ღიაა.
ამასთან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რუსეთი კი გამშვებ პუნქტზე კონტროლს აძლიერებს.

ვლადიკავკაზიდან საქართველოსკენ მომავალი ავტოკოლონის კილომეტრიანი რიგია. რუსეთის მხარეს რამდენიმე საათის წინ ჯავშანტრანსპორტიორიც გამოჩნდა. უშიშროების სამსახურში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება საზღვარზე წესრიგის უზრუნველსაყოფად არის მიღებული. პარალელურად „ბიბისი“ წერს, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსალოდნელია ოფიციალურმა მოსკოვმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები დახუროს.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. სამთავრობო პორტალზე “Explain.rf” ნათქვამია, რომ “პრიორიტეტულად” მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button