მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთ-უკრაინის ომში დღემდე 145 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე 145 ბავშვი დაიღუპა, 222 ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, აქედან 75 მთლიანად განადგურდა. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში.

გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო, ვინაიდან არ არსებობს აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბომბვის ადგილების შემოწმების შესაძლებლობა.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე

გარდა ამისა რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

“დაახლოებიით დილის 06:30 საათზე, მტერმა მძიმე შეიარაღების გამოყენებით ცეცხლი გახსნა ლისიჩანსკის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი უბნის მიმართულებით. განადგურებულია მრავალსართულიანი შენობები”, – ამბობს გაიდაი.

მისივე თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება:

“ნანგრევებში ბევრი ადამიანია. მაშველები ცოცხლების გადარჩენას ცდილობენ”, – თქვა მან.
მოლაპარაკებების შემდეგ პირველივე ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. განგაშის სიგნალი დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო. საჰაერო განგაშის ხმა კიევის გარდა ისმოდა ხარკოვში, დნეპროპეტროვსკსა და კრივოი-როგშიც. ლუგანსკში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად მაღალი წნევის გაზსადენია დაზიანებული.

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ყველა იმ ადგილიდან, სადაც საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლაევის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე მიტანილი შტურმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავდა 33 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button