რუსეთის თქმით უკრაინის მიერ ბელგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ ბელგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. მათივე განცხადებით, დაშავებულია 110-ზე მეტი მოქალაქე მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.
ამასთან, დაზიანდა 30 საცხოვრებელი კორპუსი, 381 ბინა, რამდენიმე კერძო სახლი და სავაჭრო ცენტრები მაღაზიები, ასევე, 100-ზე მეტი მანქანა, მათი უმეტესობა დაიწვა.
მისი თქმით, ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ “უკრაინა ტერორისტული აქტების განხორციელებაში, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა წაახალისეს”.
გუშინ ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის გუბერნატორმა გაავრცელა, მოგვიანებით კი უკრაინულმა მხარემაც დაადასტურა.
ცნობები დაღუპულების და დაშავებულების შესახებ სისტემატურად იცვლება. რუსულ ტელეგრამ-არხების საშუალებით გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს ათობით დამწვარი მანქანა და დაზიანებული შენობები. რუსული მხარის თქმით, სულ დაიწვა 100-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება. გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
რუსული მხარის მტკიცებით უკრაინამ იერიში საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა, ხოლო უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ სარაკეტო თავდასხმა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. უკრაინა ამბობს, რომ აფეთქებები ბელგოროდში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგია.
უკრაინული მედია თავდაცვის ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ მხარეს მიტანილი იერიშის თავიდან აცილება სურდა, თუმცა “არაპროფესიონალური მუშაობის შედეგად” ნამტვრევები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. უკრაინის სარაკეტო თავდასხმა რუსეთის მიერ გუშინ მიტანილი ფართომასშტაბური დარტყმების პასუხი იყო.
ცნობისთვის უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება წლის განმავლობაში რეგულარულად იტყობინებოდა უკრაინის ძალების იერიშების შესახებ. ზაფხულში ხელისუფლებამ საზღვრისპირა დასახლებების ევაკუაცია გამოაცხადა. რეგიონის დედაქალაქამდე აქამდე, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატები აღწევდნენ. 30 დეკემბრის იერიში ყველაზე მასშტაბურად ფასდება ომის მთელი პერიოდის განმავლობაში, იტყობინება BBC.ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, პარასკევს დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი შენობა დაზიანდა. გლადკოვი ასევე იტყობინებოდა დაჭრილებისა და ნგრევის შესახებ ოლქის სხვა დასახლებულ პუნქტებში.
უკრაინის მოსაზღვრე კიდევ ერთი ოლქის, ბრიანსკის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა შაბათს განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ორი სოფლის დაბომბვის შედეგად ბავშვი დაიღუპა. მან ტელეგრამის არხში დაწერა, რომ ცეცხლი დაუშინეს სოფლებს კისტერსა და ბორშჩევოს, რომლებსაც 10 ჭურვი ესროლეს.
უკრაინის ტელეკომპანია „სუსპილნე“ სამხედრო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარტყმების სამიზნეები იყო სამრეწველო ობიექტები. კიევი იერიშებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
29 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური იერიში განახორციელეს. დაიღუპა 40-მდე ადამიანი, ათობით დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით რუსეთის სამხედროებმა დრონები ჩამოაგდეს და დაიჭირეს ბრიანსკის, ორლოვის, კურსკისა და მოსკოვის ოლქების თავზე.