ანალიტიკამსოფლიოსიახლეები

რუსეთი ბელარუსს იყიდის? ექსპერტთა მოსაზრებები

პოლიტოლოგები და ეკონომისტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დასუსტებას, რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსს წინასწარმეტყველებენ.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ The Republic რუს და ბელორუს პოლიტოლოგებსა და ეკონომისტებს მიმართა კითხვით: “რა ელის ბელარუსს უახლოეს მომავალში?”

19 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგები ოპოზიციამ და დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ არ ცნეს, ბელარუსში პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ხელისუფლება მათ აღსაკვეთად ძალას იყენებს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათასობით დემონსტრანტი დააკავეს და აწამეს.

 

წინ ეკონომიკური კრიზისია

 

ეკონომისტის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, კონსტანტინ სონინის აზრით, ”თუ ასეთი დაპირისპირების პირობებში პრეზიდენტი ლუკაშენკო ძალაუფლებას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მაშინ შეიძლება სერიოზული ეკონომიკური კრიზისი მოხდეს”.

”მხარდაჭერა, რასაც ლუკაშენკოს რუსეთი გაუწევს, ამ კრიზისის შესაკავებლად საკმარისი არ იქნება. შესაძლებელია სცენარი, როდესაც ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშლება და ძალაუფლებას ხელში ძალოვნების ჯგუფი ჩაიგდებს.” – მიიჩნევს ეკონომისტი.

ამასთან, მისი აზრით, ლუკაშენკო ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს რამდენიმე წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მოსახლეობის ყველა ჯგუფში მისი მხარდაჭერა ძალიან მცირეა.

აქცია კიევში ბელარუსის პროტესტების მხარდასაჭერად, 2020 წლის 13 სექტემბერს. ტრანსპარანტზე წერია: ”საშა, რად გინდა სოჭი? პირდაპირ როსტოვში გაფრინდი”. 14 სექტემბერს ლუკაშენკო სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. 2014 წელს უკრაინაში რევოლუციის დროს მაშინდელი პრეზიდენტი იანუკოვიჩი რუსეთის საზღვრისპირა ქალაქ როსტოვში გაიქცა.. REUTERS/Evgenia Novozhenina

რუსული გეგმა – “საკონსტიტუციო რეფორმა”?

კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მაქსიმ სამორუკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ბოლოდროინდელ შეხვედრაზე ლუკაშენკოსთვის მიცემულ 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის სანაცვლოდ, კრემლს ბელარუსში კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება სურს.

გეგმა შემდეგია: რეფორმის შედეგად, ლუკაშენკო “აღარ იქნება ბელარუსის ერთპიროვნული მმართველი“ და “მის ნაცვლად იქნება ამორფული, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით განწყობილი და ქვეყნის შიგნითაც კი საკუთარი თავის რწმენის არმქონე კოლექტიური მმართველი ელიტა”, რომელთან მოლაპარაკებაც რუსეთისთვის გაცილებით ადვილი იქნება.

ამავე დროს, ლუკაშენკო, რომელიც ძალოვნებს კვლავაც გააკონტროლებს და დასავლეთთან მისასვლელი პირი აღარ ექნება, რუსეთისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება იმისთვის, რომ ის ხელისუფლებაში დატოვონ, თუმცა დასუსტებულ მდგომარეობაში.

 

რუსეთი ბელარუსს “იყიდის”?

 

პოლიტოლოგი, University College London-ის მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმირ პასტუხოვი მიიჩნევს, რომ ოფიციალურად, რუსეთი ბელარუსს არ შთანთქავს, რადგან ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ეს ძალიან ძვირი დაუჯდება.

მაგრამ ლუკაშენკოს, მისი სუსტი პოზიციის გათვალისწინებით, ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს გარიგება და დათმობები მოსკოვის წინაშე და რუსეთი შეეცდება, “რაც შეიძლება მეტი გემრიელი ნაჭერი კარგ ფასად შეიძინოს“.

ამას ეთანხმება ბელორუსი ანალიტიკოსი ალექსანდრ კლასკოვსკი: ”მოსკოვი ახლა ბელარუსის ეკონომიკაში უფრო ღრმად შეღწევას, სტრატეგიული აქტივების ყიდვას ამჯობინებს.” – ამბობს იგი.

 

ინტეგრაცია რუსეთთან

 

ალექსანდრ მოროზოვი, პოლიტოლოგი და პრაღის კარლის უნივერსიტეტის თანამშრომელი, პროგნოზირებს, რომ კრემლი ორი ქვეყნის ინტეგრაციის გაგრძელებას აპირება და სურს ”შექმნას სიტუაცია, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ევროკავშირის მსგავსი რამ იქმნება: ერთიანი ვალუტა, ერთიანი პარლამენტი, მაგრამ ამავე დროს, ეროვნული მთავრობები საკუთარ ბიუჯეტებს სრულიად დამოუკიდებლად ქმნიან“.

მოროზოვის აზრით, ლუკაშენკო ამ გეგმებს ეფექტურად ვეღარ შეეწინააღმდეგება და მოუწევს, მათი ნაწილი გახდეს.

წყარო: jam-news.net

მსგავსი პოსტები

Back to top button