მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ბრძოლას სულ უფრო მეტ ძალას ახმარს და ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 4 თებერვალს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი ბრძოლას სულ უფრო მეტ ძალას ახმარს და ქვეყნის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ამჟამად ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“ოკუპანტი მეტ და მეტ ძალას ახმარს ჩვენი თავდაცვის გატეხვას” – თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში და დასძინა, რომ ვითარება “ძალიან რთულია” ბახმუტის, ლიმანის და სხვა არეალებში.
„ომის 346 დღის განმავლობაში მე ხშირად მითქვამს, რომ სიტუაცია ფრონტზე რთულია და რომ სიტუაცია რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა, როდესაც დამპყრობელი სულ უფრო მეტ ძალას მიმართავს იმისკენ, რომ გატეხოს ჩვენი თავდაცვა. ახლა ძალიან მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. თუმცა ახლაც, ისევე როგორც ამ 346 დღის განმავლობაში, ჩვენი მეომრების სიმტკიცე ყველაფერს წყვეტს. ჩვენი სიმტკიცე. არა რუსეთის რაღაც მცდელობები და გეგმები, არამედ ჩვენი მებრძოლების სიმამაცე და სიმტკიცე, ყველას შედეგიანობა და სისწრაფე, ვინც უზრუნველყოფს და ეხმარება ჩვენი თავდაცვის ძალების უზრუნველყოფას. მათი ყურადღება და დამაჯერებლობა, ვინც უკრაინის საერთაშორისო პოზიციებს იცავს. ჩვენი ხალხის სიმტკიცე და ერთიანობა, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს გმირებს და უკრაინის სახელმწიფოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პარალელურად, ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ სამხრეთის საპორტო ქალაქ ოდესაში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა საბაზისო ინფრასტრუქტურას, ქვესადგურზე მომხდარი მასშტაბური ავარიის შემდეგ.

“ენერგიის მიწოდება აღუდგა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. ამდენად, ქალაქს ექნება წყალი და გათბობა” – წერს ჰალუშჩენკო ფეისბუკზე და დასძენს, რომ ელექტროენერგია უკვე მიეწოდება მომხმარებელთა მესამედს.

მანამდე, რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ მარჩენკო აცხადებდა, რომ მაღალი ძაბვის ქვესადგურზე მომხდარი “სერიოზული ავარიის” გამო უკრაინის ოდესაში ნახევარი მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. მარჩენკო ადასტურებს ცნობებს, რომ ავარია მოხდა ობიექტზე, რომელიც აქამდე რუსეთის მხრიდან თავდასხმების სამიზნე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button