მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს საბრძოლო მასალებს

რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს საარტილერიო ჭურვებს და რაკეტებს. ამის შესახებ გამოცემა New York Times(NYT) წერს ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია”, – განაცხადა მაღალჩინოსანმა ელექტრონული ფოსტით.

მედია წერს, რომ სანქციების გამო რუსეთი იძულებული გახდა სამხედრო ტექნიკა ჩრდილოეთ კორეისგან შეეძინა.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეისგან შეიარაღების შეძენა ადასტურებს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები ეფექტიანია და ზეგავლენას ახდენს კრემლის მიერ ომის წარმოებაზე. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა NYT-ს უთხრა, რომ შეიარაღების შეძენაზე ფხენიანთან შეთახმება მოსკოვის სასოწარკვეთილების ნიშანია.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ISW-ის ექსპერტის, მეისონ კლარკის შეფასებით, კრემლი შეშფოთებული უნდა იყოს იმით, რომ ჩრდილოეთ კორეისგან საერთოდ, რამის შეძენა უწევს.აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანისგან შეიძინა უპილოტო საფრენი აპარატები. ირანი და ჩრდილოეთ კორეა მათ წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო, საერთაშორისო ვაჭრობას ჩამოცილებული არიან.
ამასთან წყარო ასევე აცხადებს, რომ რუსეთი დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის შეძენას ჩრდილოეთ კორეისგან მომავალში ისევ შეეცდება.

“ჩვენ ველით, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა დამატებით ჩრდილო კორეული სამხედრო ტექნიკა შეიძინოს”, – თქვა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.

როგორც New York Times წერს, დაზვერვა არ აღნიშნავს, რა სახის იარაღი შეიძინა რუსეთმა იმის გარდა, რომ ეს საარტილერიო ჭურვები და რაკეტები იყო.

რუსეთისთვის მიწოდებული იარაღების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კიმ ჩენ ინის რეჟიმი რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-სა და დასავლეთს ადანაშაულებს “ჰეგემონური პოლიტიკის” გატარებაში, რომელიც მისი თქმით, ამართლებს რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენებას.

გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა და პირობა დადო, რომ გააღრმავებს თავის “ამხანაგურ მეგობრობას” მოსკოვთან.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ ორი ქვეყანა გააფართოებს “ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button