რუსეთი დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას “წმინდა სერაფიმე საროველის მფარველობით შექმნილი” ბირთვული იარაღით ინარჩუნებს-რუსეთის პატრიარქი
რუსეთის დუმამ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის წყალობით რუსეთი თავისუფალი დარჩა. ამის შესახებ მან ფედერალური ბირთვული ცენტრის საპატიო სამეცნიერო დირექტორისთვის, ფიზიკოს რადი ილკაევისთვის ორდენის გადაცემის დროს განაცხადა.
რუსეთის პატრიარქმა ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელ რადი ილკაევს წმინდა სერგი რადონეჟელის I ხარისხის ორდენი გადასცა და აღნიშნა, რომ რუსეთი დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას “წმინდა სერაფიმე საროველის მფარველობით შექმნილი” ბირთვული იარაღით ინარჩუნებს.
“რადი ივანოვიჩი ხელმძღვანელობს ბირთვულ ცენტრს, რომელიც კუკრჩატოვის მიერ შეიქმნა. რომ არა კურჩატოვის, რადი ივანოვიჩის, მათი კოლეგების მოღვაწეობა, ძნელი სათქმელია, იარსებებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა. მათ შექმნეს იარაღი მეუფე სერაფიმე საროველის მფარველობით, რადგან ღვთის უთქმელი განგებით ეს იარაღი მეუფე სერაფიმეს მონასტერში შეიქმნა. ამ ძალის წყალობით რუსეთი დარჩა დამოუკიდებელი, თავისუფალი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა შევინახოთ ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ჩვენი მეცნიერების ეს შესანიშნავი ღვაწლი, რომლებმაც პრაქტიკულად გადაარჩინეს ქვეყანა”, – განაცხადა კირილემ.
სერაფიმე საროველი (1754-1833) – დივეევოს მონასტრის დამაარსებელი და მფარველი იყო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ ადრე თქვა, რომ წმინდა სერაფიმე საროველი არის “ბირთვული მეცნიერების მფარველი”.
საროვში რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრი, ექსპერიმენტული ფიზიკის რუსული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მდებარეობს. ცენტრი ავითარებს და აწარმოებს ბირთვულ იარაღს. 2019 წელს ცენტრმა სერაფიმე საროველის 76 ხატი შეუკვეთა.
ამასთან რუსეთის დუმამ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებით კრემლი ცვლის სამართლებრივ პოზიციას ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ დასავლეთთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე. კანონი ახლა დუმის ზედა პალატას გადაეცემა და შემდეგ მას ხელს პუტინი მოაწერს.
რუს კანონმდებლებს ცვლილებების შეტანისკენ 5 ოქტომბერს პუტინმა მოუწოდა.
“ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, შეერთებული შტატების ექსკლუზიური ბრალია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
რუსეთი აცხადებს, რომ არ განაახლებს ტესტირებას მანამ, სანამ ამას აშშ არ გააკეთებს, მაგრამ შეიარაღების კონტროლის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება ბირთვულ ესკალაციას გამოიწვევს.
რუსეთმა შეთანხმების რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა.