„რუსეთი „დიდი რვიანიდან“ რომ არ გაერიცხათ, ომი არ იქნებოდა,,-აშშ-ის პრეზიდენტი

„დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებით, რუსეთი „დიდ რვიანში“ რომ დარჩენილიყო, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. მან ასევე გაიმეორა, რომ ოთხი წლის წინ ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას არ დაიწყებდა.
„ადრე „დიდი შვიდეული“ „დიდი რვიანი“ იყო. ბარაკ ობამასა და ტრუდოს არ სურდათ, რომ რუსეთი ჯგუფში ყოფილიყო. ვიტყოდი, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ვფიქრობ, ახლა ომი არ იქნებოდა, რუსეთი რომ წევრი იყოს და ოთხი წლის წინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მას ესაუბრება.
„პუტინი მე მესაუბრება, სხვას არავის. რადგან შეურაცხყოფილი იყო, როდესაც „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს. ის ობამასთან ერთად ტრუდომ გარიცხა, რომელმაც კიდევ ერთი ან ორი ადამიანი დაარწმუნა. ის მათთანაც კი არ საუბრობს, ვინც გარიცხა და მე მას ვეთანხმები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რუსეთს წევრობა „დიდ რვიანში“ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმი ანექსიის შემდეგ შეუჩერდა. 2017 წელს რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საბოლოოდ დატოვოს „დიდი რვიანი“.
2018 წელს ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთი ისევ მიიწვიონ „დიდ რვიანში“, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ არის ამით დაინტერესებული.