მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ დაფინანსებას ამცირებს. გადაწყვეტილება რუსეთ-აფხაზეთის ე.წ სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაც ესწრებოდა.

„რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის“ გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასთან გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგების საფუძველზე“ მიიღეს, ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ადრე რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებისთვის 4.05 მილიარდი რუბლი იყო. შესაბამისად, დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 824,4 მილიონი რუბლია ათვისებული, 2023 წლის ლიმიტის ნაშთი კი 390.6 მილიონი რუბლია.

სხდომის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის ინვესტიციის მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს. აეროპორტს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის შპს „Инфраструктурное развитие“ („ინფრასტრუქტურული განვითარება“) აღადგენს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ.

როგორც ე.წ კომისიის პრესრელიზში წერია, “გადაწყვეტილება ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შემოწმების შედეგების საფუძველზე იქნა მიღებული”.

მსგავსი პოსტები

Back to top button