რუსეთი გაეროში შვეიცარიამ ჩაანაცვლა

დღეიდან, 1-ლი მაისიდან, ისტორიაში პირველად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარია გახდა. ერთი თვის განმავლობაში შვეიცარია გეგმავს, უმასპინძლოს დებატებს მდგრადი მშვიდობის შესახებ, და “მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა”. რომელსაც თავმჯდომარეობას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნაზიო კასისი გაუწევს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხს პრეზიდენტი, ალენ ბერსეტი უხელმძღვანელებს.
ქვეყანა მაისში ღონისძიებასაც გეგმავს, რომელიც ორგანიზაციის სამშვიდობო საქმიანობის 75 წლის იუბილეს მიეძღვნება.
შვეიცარიამ ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტად ოთხი თემა გამოაცხადა: მდგრადი მშვიდობის განვითარება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უშიშროების საბჭოს მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება და კლიმატის უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.
ცნობისთვის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, შვეიცარია არაერთხელ იქცა კრიტიკის სამიზნედ იმის გამო, რომ უარი თქვა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შვეიცარიული წარმოების იარაღის გადაცემასა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული აქტივების გამოყენებაზე უკრაინის აღსადგენად.
შეგახსენებთ რომ აპრილში გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა რუსეთი, რომელმაც ამ სტატუსით ისარგებლა და საბჭოში გამართა სხდომები საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თავმჯდომარეობით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სათავეში ჩაუდგა “ტერორისტი სახელმწიფო”, რაც ცხადყოფს, რომ საჭიროა საბჭოს რეფორმირება.
გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 10 პერიოდულად იცვლება. საბჭოში 5 მუდმივი წევრია: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.