რუსეთი იძულებულია, 40 წლის წინ წარმოებული საბრძოლო მასალები გამოიყენოს

შეიარაღების მარაგის შემცირების ფონზე რუსეთი იძულებულია, 40 წლის წინ წარმოებული საბრძოლო მასალები გამოიყენოს, რომელთა საიმედოობაც ძალიან დაბალია, ეუბნება პენტაგონის ინფორმირებული მაღალჩინოსანი Reuters-ს.
Reuters-ის თანამოსაუბრის თქმით, რუსეთმა ჯარებისთვის ძველ არსენალში მყოფი საბრძოლო მასალის მიწოდება დაიწყო. ამ საბრძოლო მასალებიდან ბევრი ათწლეულების წინაა წარმოებული და მათი გამოყენება სავსეა რისკით.
“მათ [რუსებმა] საბრძოლო მასალა მოძველებული მარაგიდან აიღეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ ეს ძველი საბრძოლო მასალები, რომელთა ნაწილი 40 წელზე მეტი ხნის წინ იყო წარმოებული”, – ნათქვამია განცხადებაში.
მისივე თქმით, ძველი მარაგების გამოყენება რისკებს შეიცავს:
“როდესაც ასეთ ჭურვს გაისვრით, თითები უნდა გადააჯვარედინოთ იმ იმედით, რომ იარაღი გაისვრის და ჭურვი სამიზნეზე მოხვედრისას აფეთქდება”, – ეუბნება წყარო Reuters-ს.
ამერიკული სპეცსამსახურები ბოლო თვეების განმავლობაში იტყობინებოდნენ, რომ რუსეთმა დახმარებისთვის ჩრდილოეთ კორეას მიმართა, თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უუნარობის გამო, აწარმოოს საკმარისი საბრძოლო მასალა ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის ჩასატარებლად.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, რუსეთმა მკვეთრად შეამცირა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება, რომლის წარმოებაც ძალიან გართულებული უნდა იყოს რუსეთში მსგავსი იარაღის ძირითადი კომპონენტების ექსპორტის აკრძალვის გამო. პრობლემები ზუსტი იარაღით არ შემოიფარგლება. როგორც Reuters-ი წერს, პენტაგონის შეფასებით, რაკეტებისა და ჭურვების გამოყენების ინტენსივობის ამჟამინდელი დონის შენარჩუნების პირობებში, შედარებით ახალი საბრძოლო მასალის არსენალს რუსული არმია 2023 წლის დასაწყისში ამოწურავს.
აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანმა რუსეთს გადასცა უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში გამოსაყენებლად. მოსკოვი ასევე ცდილობს ირანიდან ასობით ბალისტიკური რაკეტის მოპოვებას და სანაცვლოდ თეირანს უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს, განაცხადა პარასკევს ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაეროში.
დეკემბრის დასაწყისში, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში განიცადეს წარუმატებლობა, მორალური პრობლემებიდან დაწყებული, საბრძოლო მასალის ნაკლებობით დამთავრებული. მისი თქმით, რუსეთში საბრძოლო მასალის გამოყენების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე წარმოება.