“რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ და არა კრემლმა, ევროპამ ან ამერიკამ.
როგორც მან ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ დაამტკიცა თავისი ერთგულება დემოკრატიული განვითარებისადმი და დემოკრატიული ქვეყნების გლობალური ოჯახის ღირებული წევრი გახდა.
მისივე თქმით, უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიში ცხადყოფს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
რასმუსენის განმარტებით, რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, ასევე კიბერთავდასხმების კომბინაცია, ამის მიზანი კი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა.
„უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რამდენიმე ანგარიშის თანახმად, ევროპაში დეზინფორმაციული აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთიდან მომდინარეობს. ფეისბუქმა მიზანმიმართულად წაშალა რუსეთის სამხედრო ძალებთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ჩართული იყო კოორდინირებულ არავთენტურ ქმედებაში, რომელიც იყო მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, კიბერთავდასხმების კომბინაცია. ამის მიზანი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა ეს სქემა გამოიყენა დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე არჩევნებისა და რეფერენდუმების პროცესში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრტანეთსა და სხვა ქვეყნებში. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთს ხელს არ აძლევს, სწორედ ამიტომ, მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია“,- განაცხადა რასმუსენმა.