რუსეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, კრისტოფენ ჰეუსგენის განცხადებით, რუსი მაღალჩინოსნები კონფერენციაზე არ მიიწვიეს.
გერმანელი დიპლომატისვე თქმით 2023 წლის კონფერენციაზე რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები მიწვეული არ არიან, რადგან პლატფორმას პროპაგანდისთვის არ გამოაყენებინებენ.
“რუსი ოფიციალური პირები არ არიან მიწვეული 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ პლატფორმას საკუთარი პროპაგანდისთვის. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუს ოპოზიციონერ ლიდერებთან და გადასახლებულ ხალხთან ერთად – მათი ხმა უნდა ისმოდეს და ძლიერდებოდეს”, – თქვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ.
ჰოისგენის განცხადებით, სურთ რუსეთის მომავალი განიხილონ რუსეთის ოპოზიციის ლიდერებთან და დევნილობაში მყოფ ადამიანებთან ერთად და სწორედ მათი ხმა უნდა გაძლიერდეს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2023 წლის 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. კონფერენციის დროს განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი იქნება უკრაინის წინააღმდეგ.
მედიის ინფორმაციით, კონფერენციაზე შეიკრიბებიან საერთაშორისო ლიდერები, მათ შორის მთავრობის მეთაურები, მინისტრები, ასევე ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველ წელს მონაწილეობდნენ. 2007 წელს, ფორუმს მიმართა პრეზიდენტმა პუტინმაც, რომელმაც აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა ერთპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის მცდელობასა და ნატოს გაფართოებით რუსეთისთვის საფრთხის შექმნაში. ამ საფრთხის საბაბით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.