მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი მოლაპარაკებებისთვის ღიაა თუმცა უკრაინაში განსხვავებული განცხადებები კეთდება -პესკოვი

არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, უკრაინას მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ ამ პრინციპების შესრულებით შეუძლია

რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე და რამდენად აქვს მას ამის ნებართვა მისი ზედამხედველებისგან. ხედავთ, რომ ძალიან განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომლებიც ჯერ ბოლომდე გასაგები არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ჯერ ბევრი საკითხია გასარკვევი.

„ზელენსკის ლეგიტიმურობის ზოგადი პრობლემის გარდა, არსებობს პრობლემა რუსულ მხარესთან ნებისმიერი კონტაქტისა და მოლაპარაკებების შესახებ საკანონმდებლო აკრძალვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და განმარტებები უნდა მოვისმინოთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჩინეთმა ურყევად დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა.

ამის შესახებ კულებამ ჩინელ კოლეგასთამ, ვან ისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

კულებას თქმით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეთანხმება, რომ საჭიროა არა მშვიდობის ილუზია, არამედ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.

„ჩინეთმა ურყევად დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აუქმებს მთელ რიგ ინსინუაციებს. ჩემმა ჩინელმა კოლეგამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეთანხმება, რომ ჩვენ გვჭირდება არა მშვიდობის ილუზია, არამედ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. ჩვენ არ უნდა ვეძიოთ რამე დროებითი გამოსავალი“, – განაცხადა კულებამ.

უკრიანელი დიპლომატის თქმით, მან ჩინელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „მშვიდობის ფორმულაზე“, მშვიდობის სამიტზე, უკრიანის შემდგომ ნაბიჯებზე.

როგორც კულებამ განაცხადა, აუცილებელია დაცული იყოს ორი პრინციპი: არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. მხოლოდ ამ ორი პრინციპის შესრულებით შეუძლია უკრაინას მოლაპარაკებების გამართვა.

„მე ისტორიის, დღევანდელი მოვლენების მაგალითზე ავუხსენი, რომ უკრაინა პუტინის არცერთი ულტიმატუმის, პუტინის არცერთი საშინელი სამხედრო დარტყმის წინაშე არ მოდრეკილა. და უკრაინა არასდროს, არცერთი სანტიმეტრით მოიდრიკება, თუ ვინმე მსოფლიოში, განურჩევლად იმისა, მსოფლიოს რომელ ნაწილშია, ეცდება ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს… მე ხაზი გავუსვი ორ პრინციპს, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. პირველი – არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე; მეორე, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. თუ ეს ორი პრინციპი იქნება დაცული, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მოლაპარაკებების გამართვა და ნებისმიერი გადაწყვეტილებების განხილვა“, – განაცხადა კულებამ.

ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩინეთში პირველი ვიზიტი იყო უკრიანაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button