„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”-საქართველოში რუსების ჩამოსვლას კვლავ აქციით დახვდნენ
რუსების კრუიზი ბათუმის პორტს დროზე ადრე ტოვებს. გემი რამდენიმე წუთის წინ დაიძრა. პარალელურად ადგილზე შეკრებილი არიან მოქალაქეები და გემს შეძახილების ფონზე “აცილებენ”. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ: „როსია!” „როსია!”.
ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა. რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს. შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა.
„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!” – ამ ლოზუნგით აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინაც გაიმართა. პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი – ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.
მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.