მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის “უშიშროების საბჭოს” მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-სთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთი რეგიონში აშენებს სამხედრო ფლოტის ბაზას, რომელიც, შამბას თქმით, უკვე 2024 წელს შეიძლება ამოქმედდეს. შამბა აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტი დაპროექტების ეტაპზეა და სამშენებლო სამუშაო ჯერ არ დაწყებულა.

მისივე მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული გემებისთვის ბაზის მშენებლობა “სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება” შამბა ვერ აკონკრეტებს რა ტიპის ხომალდები განთავსდება ფლოტის არეალში.

ცნობისთვის რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებაზე ინფორმაცია გასული წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გაავრცელდა. ბჟანია ამბობდა, რომ რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. მისივე სიტყვებით, რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”, ამასთან, 2017 წლიდან ოჩამჩირეში არსებობს რუსეთის ეფესბეს საზღვრის დაცვის ხომალდების საბაზისო პუნქტი.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს, ოლექსი ნეიჟპაპას გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომ ოჩამჩირის ბაზირების პუნქტი შენდება ანექსირებულ ყირიმში კონცენტრირებული ხომალდების გადანაწილების მიზნით. ნეიჟპაპას თქმით, “არ შეიძლება მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე იყოს”, ამასთან, უკრაინამ ბოლო თვეებში რამდენიმე დარტყმა განახორციელა რუსეთის ხომალდებზე ყირიმში და აცხადებს, რომ შეტევებს გააგრძელებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსებით, რუსეთი მძლავრი საცეცხლე შესაძლებლობებით უახლოვდება თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას. დაზვერვის გარდა, კრემლი სხვა მნიშვნელოვან ბერკეტებსაც იგდებს ხელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button