“რუსეთი “ოცნების” მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას ახდენს-პუტინის გადაწყვეტილება ოპოზიციაში შეაფასეს

პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთს ჯერ კიდევ სურს, რომ საქართველო მთლიანად თავის კონტროლს დაუქვემდებაროს და ჯერჯერობით ეს შეუძლია. სამწუხაროდ.”
წერს უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო პუტინის მიერ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე
პუტინის განკარგულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ოპოზიციაში შეაფასეს.
ყოფილი პრემიერი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე და ამბობს, რომ ეს “საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია”.
მისივე სიტყვებით, საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას.
“[ბიძინა] ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ”, – წერს გიორგი გახარია.
“პირდაპირ გემუქრებით – საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”, – ამის შესახებ განცხადებას პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აკეთებს და რუსულ ავიაკომპანიებს მიმართავს.
ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს სანქცირების ტოლფასია.
“ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშრისო იმიჯისთვის. ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი…
ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული 28 თებერვლიდან ევროკავშირის მიერ… თუ საქართველო შემოუშვებს ამ ავიაკომპანიებს, ეს იქნება პირდაპირი საბოტაჟი დამატებითი უკრაინის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის. თუ საუბარია იმაზე რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, ამ გადაწყვეტილებით ჩვებ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ… ეს არის კატასროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის.
მინდა პირდაპირ ვუთხრა ნებისმიერ იმ რუსს, ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ამ ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას. პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”, – ამბობს ხოშტარია.
“რუსეთი “ოცნების” მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას ახდენს… ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს” – ასე ეხმაურება პარტია “ლელო – საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ხოლო, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსთან ფრენების უფლება ექნებათ.
“რუსეთი საქართველოს ოკუპაციის გეგმას “ქართული ოცნების” მეშვეობით მიზანმიმართულად ახორციელებს. რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ქართველებისთვის 90-დღიანი სავიზო რეჟიმი პროვოკაციული სატყუარაა. ასევე, რუსების უკონტროლო და უვადო შემოსვლა წინააღმდეგობაშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. “ლელო” ითხოვდა და ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სარკისებური პრინციპით. რუსეთის ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ დროს და იმ ფორმით, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.
“ქართული ოცნება” და რუსული პოლიტიკა ერთი და იგივეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ქართველების გარეშე არ დარჩეს, რაც პირდაპირ რუსული ინტერესია” – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თითოეული რუსეთის მოქალაქის შემოსვლაზე სავიზო გადასახადის სახით, 500 ლარი უნდა დაწესდეს და ეს თანხა დევნილებს მოხმარდეთ.
“ქართული ოცნება” უნდა შეეშვას ევროინტეგრაციის კურსის საბოტაჟს, უნდა დაანებოს თავი ფარულ მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რუსეთის ფაშისტურ, საოკუპაციო რეჟიმთან და უნდა დააწესოს სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებთან. 500 ლარი დავაწესოთ თითოეული რუსეთის მოქალაქის შემოსვლაზე სავიზო გადასახადის სახით და ეს ფული მიმართული იყოს დევნილების კონპენსირებისთვის,”- საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი კი ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვან პირდაპირ ფრენებზე და სავიზო რეჟიმი აღადგინონ რუსეთთან.
პუტინის გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ავიაკომპანიები, რომლებიც ფრენებს დაიწყებენ, შესაძლებელია, დასანქცირდნენ.
„პუტინის გადაწყვეტილება დააჯილდოოს საქართველოს ხელისუფლება ეხება იმას, რომ მან აკრძალვა მოხსნა კრემლის გავლენების გასაძლიერებლად ფრენებზე და სავიზო შეზღუდვაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ პოლიტიკას, კრემლის გავლენებს, ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად, ეროვნული ინტერესების დაკნინებად, რადგან ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. ყველა ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს პუტინის სურვილს და დაიწყებს ავიამიმოსვლას და ამას დათანხმდება საქართველოს ხელისუფლება, ყველამ უნდა იცოდეს და განსაკუთრებით ავიაკომპანიებმა, რომ შესაძლებელია, ისინი მოხვდნენ სანქციების ქვეშ, რომელიც დაწესებულია და კიდევ უფრო ძლიერდება,”- განაცხადა დეკანოიძემ.
რუსეთმა ჩათვალა, რომ იმპერიაში საქართველოს რეინტეგრაციისთვის საფუძველი საკმარისად არის მომზადებული და მიიღო შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილება, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, რუსეთისთვის უკრაინაში წაგებული ომის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება.
„როგორ იკითხება პოლიტიკის ენაზე რუსეთის გადაწყვეტილება? რუსეთმა ჩათვალა, რომ იმპერიაში საქართველოს რეინტეგრაციისთვის საფუძველი საკმარისად არის მომზადებული და მიიღო შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილება.
რუსეთისთვის უკრაინაში წაგებული ომის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება“, – წერს ხუხაშვილი.
პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას.
მისივე განცხადებით, ქართველი ხალხის ნება ურყევია და საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ევროპას და არა რუსეთს.
„პუტინმა საქართველო ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა – გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები. ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე…
ქართველი ხალხის ნება ურყევია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს! წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო. უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი. ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეიდან, 10 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც – 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მან ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა.საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.