მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ყირიმის ნაცვლად უპილოტო აპარატებს კრასნოდარის ტერიტორიიდან უშვებს

უკრაინაში ომის მეათე თვე დაიწყო

რუსეთის არმიამ ირანული ე.წ. კამიკაძე დრონების მარაგი შეავსო და ახლა ანექსირებული ყირიმის ნაცვლად უპილოტო აპარატებს უკრაინაზე იერიშისთვის კრასნოდარის ტერიტორიიდან უშვებს, – ამის შესახებ ცნობა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელდა.
“ბოლო დღეებში რუსეთის შორი დისტანციური თავდასხმის კამპანია უკრაინის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე გააქტიურდა. თავდასხმების ტალღა ძირითადად შედგებოდა საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტებისგან, ასევე მოიცავდა ირანის მიერ წარმოებულ უპილოტო თვითმფრინავებს, რომლებიც რუსეთის კრასნოდარის რეგიონიდან იყო გაშვებული.

ადრე ეს უპილოტო თვითმფრინავები ძირითადად ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან იყო გაშვებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ თვითმფრინავის გაშვების არეალის ცვლილება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე უკრაინული დრონების ბოლოდროინდელ თავდასხმებთან. გარდა ამისა, უფრო მოსახერხებელია ირანული უპილოტო თვითმფრინავების მარაგების შევსება მატერიკის მხრიდან, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი მათ ირანიდან ასტრახანის გავლით იღებს.

მანამდე ინფორმაცია „კამიკაძე თვითმფრინავების“ კრასნოდარის ტერიტორიიდან გაშვების შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმაც გაავრცელა. მისი თქმით, თვითმფრინავები კრასნოდარის მხარეში აზოვის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილიდან იგზავნება.
ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, ირანული დრონების გაშვების ადგილის ცვლილება, სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის შეშფოთებით ყირიმის დაუცველობასთან დაკავშირებით.

უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ.
ირანმა პირველად ნომებრის დასაწყისში აღიარა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ დრონების „მცირე რაოდენობა“ გაიგზავნა რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე.

მსგავსი პოსტები

Back to top button