„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ გლობალური შეტაკება თავიდან აიცილოს,,-რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის ყველა მონაწილეს გმირები უწოდა

დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობდა 9 ათასზე მეტი სამხედრო, 79 ერთეული ტექნიკა და ავიაცია.
„ჩვენ ვზეიმობთ გამარჯვების დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში. მისი ყველა მონაწილე, ვინც ფრონტზე, საბრძოლო შეტაკების ხაზზე იმყოფება, ჩვენი გმირები არიან. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი გამძლეობითა და თავგანწირვით და თავდადებით. მთელი რუსეთი თქვენთანაა“, – განაცხადა პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე, სადაც „II მსოფლიო ომში“ გერმანიაზე გამარჯვების 79 წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღლუმის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცა და მას „ჭეშმარიტად ეროვნული, წმინდა დღესასწაული უწოდა“.
„გილოცავთ გამარჯვების დღეს, ჩვენს მთავარ, ჭეშმარიტად ეროვნულ, წმინდა დღესასწაულს!“ – მიმართა პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილებს.
მისი თქმით, არავის მისცემს იმის უფლებას, რომ დაემუქრონ.
„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გლობალური შეტაკება თავიდან აიცილოს, მაგრამ, ამავდროულად, არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული ძალები ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
რუსეთის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა და ნაციზმის რეაბილიტაციასა და ისტორიის გაყალბებაში დაადანაშაულა.
„რევანშიზმი, ისტორიის ბულინგი, ნაცისტების ამჟამინდელი მიმდევრების გამართლების სურვილი არის დასავლური ელიტების ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რათა წაახალისონ უფრო და უფრო მეტი რეგიონული კონფლიქტები, ეთნიკური და რელიგიათაშორისი მტრობა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომის ყველა მონაწილეს გმირები უწოდა.
სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრნენ ბელარუსის, გვინეა-ბისაუს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, კუბის და ლაოსის პრეზიდენტები. მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტები ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი.
ისინი მოსკოვში, „გამარჯვების აღლუმს“ დაესწრნენ 2020 წელს, როცა რუსეთმა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 75-ე წლისთავი აღნიშნა. მას შემდეგ რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მართავდა ან უცხო სახელმწიფოების ლიდერების მიწვევის გარეშე, ან დსთ-ის ქვეყნების მეთაურების მონაწილეობით. მათ შორის, 2023 წელს იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც.