მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს განაგრძობს

დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინაში 400 ჯარისკაცი დაკარგა

ომის 214-ე დღეს რუსეთი საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს განაგრძობს. მათ შორის იერიში მიიტანეს ოდესაზე. ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყეს. ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს სუმზეც. ამ დროისთვის მსხვერპლსა და ზიანზე ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსული ძალების მიერ იერიშები განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. გუბერნატორი მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბი ინფორმაციას საპასუხო დარტყმების შესახებაც ავრცელებს. მათ შორის საუბარია სამხრეთით 57 რუსი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ. ასევე გენშტაბის ინფორმაციით განადგურებულია 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების განადგურებას განაგრძნობენ.

“ოკუპანტები ცდილობენ დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპაციას. ახორციელებენ იერიშებს და ატარებენ საჰაერო დაზვერვას. გარკვეულ ტერიტორიებზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურთ. მტერი განაგრძობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების განადგურებას. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს.

ოკუპანტები არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მტრის დარტყმის შედეგად დაზიანდა 35-ზე მეტი დასახლება. ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტების ქვედანაყოფებში გამოცხადდა, რომ ხელშეკრულების ვადას მნიშვნელობა არ აქვს და საბრძოლო ზონაში ყოფნის დრო ამიერიდან სარდლობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით,” – განაცხადა სტუპუნმა.

ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს სოლედარის, ვიიმკას, კურდიუმივკას, ზაიცევოს, ნოვომიხაილივკას და პერვომაისკეს დასახლებულ პუნქტებში. თავდაცვის ძალების ავიაციამ 26 დარტყმა განახორციელა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 35-ზე მეტი დასახლება დაზარალდა,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინაში 400 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button