მსოფლიოსიახლეები

რუსეთი საფრანგეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ოფიციალური მოსკოვი საფრანგეთს მოუწოდებს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა არ გამოიყენოს და უზრუნველყოს იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, ვინც მიტინგებს აშუქებენ.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.

“მოვუწოდებთ ოფიციალურ პარიზს თავი შეიკავოს ძალის გადამეტებული გამოყენებისაგან, არ გამოიყენოს ძალა ჟურნალისტების მიმართ და არ დაავიწყდეთ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის ნორმები, რაზეც ხელი აქვთ მოწერილი და, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელოს საყოველთაოდ მიღებული ჰუმანიზმის პრიცნიპებით. ამასთანავე მოვითხოვთ პარიზისაგან შეუქმნან ჟურნალისტებს უსაფრთხოდ მუშაობის პირობები. ჟურნალისტები არ უნდა იქცნენ პოლიციისათვის ხელის შემშლელად. სწორედ ამას გვასწავლიდნენ რეგულარულად კოლეგები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.” თქვა მან.

ზახაროვამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, აქციების გაშუქებისას დაშავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხის, Russia Today-ს საფრანგეთის ბიუროს 8 თანამშრომელი, Russia Today International-ის ორი ჟურნალისტი და RUPTLY-ს ორი კორესპონდენტი.

შეგახსენებთ, რომ “ყვითელი ჟილეტების” აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს.

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი.

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებთან მოლაპარაკება ვერ შედგა, საფრანგეთის მთავრობამ საპროტესტო აქციების გამო საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი ჯერ 6 თვით გადადო, შემდეგ კი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მასშტაბური აქციები რუსეთშიც გაიმართა. მოსახლეობა საპენსიო რეფორმას აპროტესტებდა. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მშვიდობიან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დააკავეს ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები. აქციები სამთავრობო ტელეარხებს არ გაუშუქებიათ, ხოლო დამოუკიდებელი ტელეარხები ამბობდნენ, რომ მათი ჟურნალისტები პოლიციელებმა სცემეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button