მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი „თალიბანს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

რუსეთი “თალიბანს” ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, ამის შესახებ ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა განაცხადა.

ქაბულოვის თქმით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია უმაღლეს დონეზე, მაგრამ “სამართლებრივი პროცედურები საჭიროებს დაცვას”.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან და რუსეთის სხვა უწყებებთან ერთად ამთავრებს სამართლებრივ პროცესს „თალიბანის“ მოძრაობის რუსეთში ტერორისტული სიიდან ამოღების პროცესზე. საქმე სურვილში კი არ არის, რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ყველა პროცესი რუსეთის სამართლებრივი სფეროს ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, – ციტირებს სააგენტო კაბულოვის სიტყვებს.

რუსეთის ФСБ-ს ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, ФСБ ამთავრებს მუშაობას თალიბების ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოსაღებად.

ბორტნიკოვის თქმით, ავღანეთში ხელისუფლებაში მყოფი თალიბანის ქმედებები “მიზნად ისახავს ქვეყანაში წესრიგის დამყარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებას”. გარდა ამისა, ბორტნიკოვმა აღნიშნა, რომ თალიბები მზად არიან ებრძოლონ ISIS-ის ავღანურ ფრთას “ვილაიათ ხორასანს”.

რუსეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ურთიერთობს თალიბანთან. თალიბანის წარმომადგენლები რეგულარულად ჩადიან მოსკოვში. წელს თალიბანი დაესწრო ფორუმს “რუსეთი – ისლამური სამყარო: ყაზანფორუმი”, ასევე სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმს.

ცნობისთვის, 2024 წლის აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მუშაობს „თალიბანისთვის“ აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნაზე. დეკემბერში „თალიბანი“ აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო ყაზახეთის ხელისუფლებამ. ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოსკოვს თალიბებთან თანამშრომლობაში ხელს არ უშლის. რუსეთის საელჩომ ქაბულში მუშაობა გააგრძელა მას შემდეგ, რაც 2021 წელს „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა. ამ მოძრაობის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ რუსეთს.

ავტორი – ლევან ახალაია

მსგავსი პოსტები

Back to top button