რუსეთი თბილისს დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის “საზღვრების” დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ მოუწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ საუბარია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის დისკუსიების ჩატარებას შეეხება.
ჟენევის დისკუსიების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს ჩატარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე მოსკოვმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა თბილისიდან წამოსული “შემრიგებლური სიგნალები” პრაქტიკულ განზომილებაში გადაიზარდოს და საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით ე.წ. დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს.
“აღნიშნული ამოცანების აქტუალობა განპირობებულია ოფიციალური თბილისის მიერ თვითონ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ იმ პოლიტიკური ძალების აღიარებით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში “მეორე ფრონტის” გეგმას აყალიბებენ, ასევე საქართველოს კონსტიტუციაში NATO-სა და EU-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ არსებული დოქტრინული ჩანაწერის რეგულარული დასტურით, რაც ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტის შესაბამისად შენებით გრძელდება ამასთანრუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ განზომილებაში გადათარგმნის, მათი კონკრეტულ ნაბიჯებად გამყარებისა და განვითარების მნიშვნელობას, რაც, მათ შორის, მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების თავის თავზე აღებას და ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, მათი შემდგომი დემარკაციით”, – აღნიშნულია განცხადებაში.