რუსეთი თურქეთთან სამხედრო კონტაქტებს წყვეტს [Video]

რუსეთის გენერალური შტაბი თურქეთთან სამხედრო კონტაქტებს შეწყვეტს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა – გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი რუდსკოიმ.

ამის გარდა, დარტყმითი ავიაციის ყველა მოქმედება მხოლოდ თვითმფრინავ-გამანადგურებლების საფარქვეშ განხორციელდება.

აგრეთვე, რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გასაძლიერებლად ზომებს მიიღებს. კრეისერი “Москва”, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა “Форт”-ით არის აღჭურვილი, ლატაკიის (სირია) სანაპირო რაიონს დაიკავებს. ამ რაიონში განლაგებულია ჰმეიმიმის სამხედრო აეროდრომი, სადაც სექტემბრიდან რუსეთის ავიაჯგუფია განლაგებული.

“გაფრთხილებთ, რომ ყველა მიზანი, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავს, განადგურებული იქნება”, – დასძინა რუდსკოიმ.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ რუსულ Су-24-ზე თურქული F-16-ის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ, სირიაში რუსეთის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები შემუშავდება.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს სირიაში, თურქეთის საზღვართან, რუსული გამანადგურებელი Су-24 ჩამოაგდეს.

რუსეთის გენშტაბის მტკიცებით, თვითმფრინავი სირიის თავზე დაფრინავდა, როცა მას თურქული რაკეტა მოხვდა და სირიის საზღვართან, თურქეთის საზღვრიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. მფრინავების კატაპულტირების შემდეგ ერთი მათგანი დედამიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა თურქეთის მიერ ჩამოგდებული Су-24-ის მარშრუტი და განაცხადა, რომ პილოტებს არავითარი გაფრთხილება არ მიუღიათ და თვითმფრინავი ოფიციალურ ანკარას საფრთხეს არ უქმნიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button