მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ადრეულ დასრულებას ცდილობს, მაგრამ კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში ომი “რაც შეიძლება მალე დასრულდეს” მაგრამ, მისი თქმით, კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე და სამხედრო გზით წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან ინდოეთის პრემიერმინისტრთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა. მოდისთან შეხვედრა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში სამარყანდში გაიმართა.

სიტყვები “ომი” და “სპეციალური ოპერაცია” მას არ უხსენებია, თუმცა თქვა “ეს ყველაფერი”. ის პასუხობდა მოდის რეპლიკას, რომელმაც პუტინს უთხრა, რომ “ახლა ომის დრო არაა” და ხაზი გაუსვა, რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ უთხრა ტელეფონით.

პუტინის თქმით, უკრაინა უარს ამბობს მოლაპარაკებებზე.

„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ – უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს
თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ – ბრძოლის ველზე“, – განაცხადა პუტინმა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი უკრაინის სრული დეოკუპაცია, მათ შორის ყირიმის ანექსიის დასრულებაა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მოლაპარაკების შემდეგ ჯერ კიდევ გუშინ, პუტინი შეხვდა
უზბეკეთი ლიდერს, ასევე ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, სადაც საუბარი შეეხო, როგორც რუსული მედია წერს, “შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ პროვოკაციას ტაივანის სრუტეში”.

მედიის ცნობითვე, პუტინი ესაუბრა ირანის ლიდერსაც: “სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის ლიდერებმა
განიხილეს ვითარება რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ირგვლივ”.

პუტინი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც, თუმცა რაზე ისაუბრეს მხარეებმა – ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ წუთებში კი პუტინი მოლაპარაკებებს მართავს თურქ კოლეგასთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button