მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ შეტევას სიცრუეს უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სიცრუეს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ შეტევას გეგმავს.

„ეს არის მორიგი სიცრუე. ახლახან გვქონდა კონტაქტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და მათგან ძალიან მაღალი შეფასებაც მივიღეთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და „როსატომის“ ხელმძღვანელებს შორის.

„ჩვენი დიალოგი და თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან გრძელდება. ჩვენც და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც დაინტერესებული ვართ ამ ურთიერთობის გაგრძელებით, დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა“, – აღნიშნა პესკოვმა.

მიუხედავად პესკოვის განცხადებისა ზაპორიჟიე მაინც იბომბება, 23 ივნისს ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, იური მალაშკომ განაცხადა.

“დილიდან რუსი ტერორისტები თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას. პრიმორსკში სამი ზაპოროჟიელი გახდა შეიარაღებული ტერორის მსხვერპლი. ნამსხვრევებისგან დაშავდნენ საგარეუბნო ტრანსპორტის გაჩერებაზე მყოფნი – 54 და 72 წლის ქალები და 66 წლის მამაკაცი. ვოზდვიჟენკაში სამი სახლი განადგურდა რუსული ჭურვების მიერ. ერთი 35 წლის ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა მალაია-ტოკმაჩკის ცენტრში საარტილერიო ბომბის ჩამოვარდნის შედეგად”, – წერს მალაშკო ტელეგრამის არხში.

ამასთან ზაპოროჟიეს რეგიონზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული საავიაციო და საარტილერიო იერიშების ფონია ბრიტანეთის დაზვერვის ერთ-ერთი ბოლო ცნობა, რომლის მიხედვით, რუსეთის სარდლობამ ერთი კვირის წინ დაიწყო მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე თავმოყრილი საარმიო დაჯგუფების გადასროლა ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქების მომზადების ფონზე საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ტერორისტად აღიარებისკენ მოუწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს, ბირთვული უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის, ფუნდამენტურ პრინციპს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ.

„რუსეთმა, როგორც ტერორისტულმა სახელმწიფომ, დაარღვია ბირთვული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი, მაგრამ მაინც არ უგრძვნია თავისი დანაშაულებების სამართლიანი შედეგები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით „დიდ შვიდეულსა“ და ევროკავშირს, მიიღონ სასწრაფო ზომები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს.

როგორც ზელენსკი ამბობს, ამის შესახებ ინფორმაცია მას უკრაინის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებმა მიაწოდეს.

“დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული აქტის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე

სამწუხაროდ, მე კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ რადიაციამ არ იცის ეროვნული საზღვრები და ვის დაარტყამს, ამას მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს

ჩვენ ყველა არსებულ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს – ყველას მთელს მსოფლიოში. ყველა მტკიცებულებას. ევროპამ, ამერიკამ, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, არაბულმა სამყარომ, აფრიკამ – ყველა ქვეყანამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ყველამ.”, – ამბობს ზელენსკი მიმართვაში.

მისივე თქმით, არსად არასდროს არ უნდა განხორციელდეს თავდასხმა ბირთვულ ელექტროსადგურზე და არ უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს მოხდა კახოვკას ჰესის შემთხვევაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button