მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს

უკრაინაში ომის 482-ე დღე – საოკუპაციო ძალის მორიგმა მასშტაბურმა იერიშმა ფიასკო განიცადა. ოკუპანტის მიერ გაშვებული 30 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 28 ჩამოაგდო. მათგან ორი ათეული – კიევის თავზე.

ირანული წარმოების “შაჰედის” ტიპის 2 საფრენი აპარატი ლვოვში აფეთქდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.

სამოქალაქო პირები არ დაშავებულან ზაპოროჟიეზე მიტანილი იერიშის შედეგად. გვიან ღამით რუსულმა არმიამ რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს “ს-300” საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით შეუტია. არტილერიით დაიბომბა ხერსონის ოლქი. აგრესორის ჭურვებმა 1 მშვიდობიანი იმსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 3 სამოქალაქო პირი.

დანაკარგი აქვს აგრესორსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გასული 24 სათის განმავლობაში 1010 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს. აფეთქებულია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა.

პოზიციების დასაცავად ემზადება რუსეთი. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკვე აანონსებს უკრაინის მოსალოდნელ შეტევებს. რაზეც, მისი თქმით, პასუხისმგებლობა ვაშინგტონს და ლონდონს დაეკისრება. ამის გამო კი სერგეი შოიგუს განცხადებით, ოფიციალური კიევი დაისჯება.

ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს. კრემლის მუქარას რეალურს უწოდებს ჯო ბაიდენი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ კალიფორნიაში, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით 2 წლის წინ, მაშინ როცა ის კოლორადოს დაშრობაზე ნერვიულობდა, ისე უყურებდნენ თითქოს შეშლილი იყო, ისევე როგორც ახლა, როცა პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ საუბრობს.

ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი აქტუალური 2 კვირის წინ ბელარუსში რუსული ტაქტიკური შეიარაღების განთავსების შემდეგ გახდა. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ მიწოდებული და განლაგებული რაკეტების სიმძლავრე 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებულ ბომბებს რამდენჯერმე აღემატება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს.

“პუტინის რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი – სტრატეგიული და ტაქტიკური და ჰიპოთეტურად, საფრთხე ამ მიმართულებით ყოველთვის არსებობს. ამიტომ, უკრაინაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამ საკითხს ყურადღებით აკვირდებიან”, – თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

იუსოვის თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ბრძოლის ველზე ოკუპანტებისთვის არაფერს შეცვლის, თუმცა, შესაძლოა, ამან პუტინის რეჟიმის დაშლა და მისი საბოლოო დამარცხება გამოიწვიოს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია.

“როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია”, – თქვა ბაიდენმა კალიფორნიაში დონორებთან.

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს, აფეთქების საშიშროება არსებობს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის [აფეთქების ან ავარიის] გარკვეული საშიშროება არსებობს. ვინაიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური როგორც იმყოფებოდა, ისევე იმყოფება საოკუპაციო ჯარების დროებითი კონტროლის ქვეშ”, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, კახოვკის ჰესის კაშხალის აფეთქებით რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლებთან წყლის ნორმალურის მიმოსვლა გაანადგურეს.

ასევე, ოკუპაციის პირობებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დამატებით იქნა დანაღმული, კერძოდ კი მისი გამაგრილებელი.

“თუ მას [გამაგრილებელს] აფეთქების გზით გამოიყვანენ მწყობრიდან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები იქნება”, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button