რუსეთიდან საქართველოში კანონდარღვევით დიდი ოდენობით ფული შემოჰქონდათ

რუსეთიდან საქართველოში კანონდარღვევით დიდი ოდენობით ფული შემოჰქონდათ. საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგში” აღმოჩენილ 3 ფაქტზე ინფორმაციას აქვეყნებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. მათივე ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ “ყაზბეგში,” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათი ბარგი და ავტომობილი. მებაჟეებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული თანხა, ჯამში: 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი, რაც 464 595 ლარია.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი გამოავლინეს” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში საბაჟო კონტროლის გარეშე დიდი ოდენობის თანხის შემოტანა აკრძალულია.
უწყების თქმით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 46 518 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.