მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომამდე იყო რუსეთის შეჭრა საქართველოში, რუსეთის სისასტიკე გროზნოში, ალეპოს დაბომბვა და ყირიმის ანექსია

უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს, რადგან დავინახეთ, რომ ომი მოდიოდა. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, ეს არის იმ ნიმუშის ნაწილი, როდესაც მოსკოვი სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.
“რუსეთის სისასტიკემ ყველა გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ომი მოსალოდნელი იყო. ეს არის იმ ნიმუშის ნაწილი, როცა მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაში ომი, რომელიც არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში, ის 2014 წელს, რუსეთის მხრიდან უკრაინის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებით დაიწყო”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთმა პირველად გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის მოთხოვნისადმი ნატო-ს ახალი წევრების მიუღებლობის შესახებ. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი უფრო მეტად თანამშრომლობენ და ჩინეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაუგმია.

სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი აფართოებს კავშირებს ირანთან და იარაღის იმპორტს ჩრდილოეთ კორეიდან ახორციელებს.

„რეალობა ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერად ევროპაში, ჩვენ ახლავე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იარაღი არის გზა მშვიდობისაკენ. პირველი გაკვეთილი არის ის, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში. დიდი ხანია, ეს არის ნატო-ს გზავნილი. მეორე გზავნილი, მეორე გაკვეთილი არის ის, რომ სახიფათოა ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით, ჩინეთთან. ჩვენ ვერ გავხდებით ისე დამოკიდებული ერთ ნედლეულზე, მათ პროდუქტებზე, რომ გავხდეთ დაუცველები. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მათთან ტექნოლოგიების ექსპორტი, რომლებსაც ისინი, თავის მხრივ, ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. უნდა უზრუნველვყოთ კონტროლი ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, პორტებიდან და აეროპორტებიდან დაწყებული, მე-5 თაობის ქსელებამდე. არავინ ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ბიზნესი ჩინეთთან, მთავარია, ისე მოვიქცეთ, რომ არ შეილახოს ჩვენი უსაფრთხოება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის წინაპირობა თვეებით ადრე არსებობდა, რაზეც NATO საჯაროდაც საუბრობდა. მისივე თქმით, ომის თავიდან ასარიდებლად NATO-ს დიპლომატიური და პოლიტიკური მცდელობები ჰქონდა, თუმცა პუტინმა თავდასხმა აირჩია.

“NATO მზად იყო. 2014 წლიდან ჩვენ განვახორციელეთ ალიანსის ყველაზე დიდი რესტრუქტურიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. განვალაგეთ უფრო მეტი სამხედრო NATO-ს წევრ ქვეყნებში. გაიზარდა ჩვენი სამხედროების მზაობა, შეიქმნა ახალი თავდაცვის დომენები, როგორიცაა კიბერ თავდაცვა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვაში. გარდა ამისა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების გზაზე არიან”, – თქვა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button