რუსეთის არმიამ შაბათს და კვირა დილით ხუთი ათასი გასროლა განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ, გასულ 24 საათში ხუთი ათასზე მეტი გასროლა განახორციელა, მათ შორის 144 – ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან.
ამავე პერიოდში უკრაინაში რუსეთმა ჩამოაგდო 130 მართვადი საავიაციო ბომბი.
კვირა ღამით დრონებით იერიში განხორციელდა ოდესაზე, სადაც თავდასხმისას დაზიანდა საწყობი და სატვირთო მანქანა. ერთი პირი დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს მძიმე მდგომარეობაში.
კიევის საქალაქო ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ღამით კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს დრონებით „ტალღისებურად და სხვადასხვა მიმართულებით“.
ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა სამჯერ და მთლიანობაში ამ საათს გასტანა. უკრაინის თანახმად, დრონებით უმეტესობა ჩამოაგდეს, მსხვერპლის და დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთის არმია უკრაინას თავს ესხმის ყოველდღე. რუსეთი ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებია მისი სამიზნე. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ როგორც წესი, რუსეთი კომენტარს არ აკეთებს.
უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 56 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივად 25 დრონი დაიკარგა.
„უკრაინის საჰაერო სივრცეში კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფება, საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავას, ვინიცას, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის და ხარკოვის ოლქებში.
რუსებმა, საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე 90 დრონი და რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, „ისკანდერ-კ“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, „ხ-59/69“ ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 87 დრონი.