მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან არ ყოფილა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები. გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგემ განახორციელა 59 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, რის შედეგადაც მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში და განადგურებული, ან დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ქვედანაყოფებმა საარტილერიო იერიშებიც მიიტანეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებულ პუნქტზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 5 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქ ბახმუტში.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის კუზემოვკას, დიბროვას და დონეცკის ოლქის ფედოროვკას, იაგოდნოეს, ბერხოვკას, ბახმუტის და კურდიუმივკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 2 რაიონი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 145 060 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3334
ჯავშანტექნიკა – 6569
საარტილერიო სისტემა – 2345
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 471
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 243
თვითმფრინავი – 299
ვერტმფრენი – 287
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2026
ფრთოსანი რაკეტა – 873
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5212
სპეცტექნიკა – 226
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button