რუსეთის ბელგოროდი ისევ დაიბომბა

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება შეტევა ბელგოროდის ოლქზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ RM-70 Vampire მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 10 რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში დილით, დაახლოებით 08:30 საათზე.
ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა განაცხადა, რომ რეგიონული ცენტრის დილის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. “დღეს ერთი მსხვერპლი გვყავს, ის უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – ციტირებს მის სიტყვებს TASS.
გასული კვირის განმავლობაში ბელგოროდი და ბელგოროდის ოლქი ყოველ დღე თავდასხმების ქვეშ იყო, ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის მიერ დღეს, 18 მარტს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ერთ კვირაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 11 და დაიჭრა 82 ადამიანი.
უკრაინულ მხარეს ამ დარტყმებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ბელგოროდის ოლქზე მორიგი შეტევის შესახებ ტელეგრამით იუწყება მოსკოვის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული რუსი მოხალისეების ლეგიონი „რუსეთის თავისუფლებაც“.
დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
რუსეთის ხელისუფლება ბელგოროდის ოლქზე თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, რასაც კიევი უარყოფს. ბელგოროდის რეგიონული მთავრობა ირწმუნება, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს არა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ უკრაინაში, მოსაზღვრე რაიონებში.
ამას უარყოფენ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“, რომლებმაც პირველად 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. ამ ფორმირებების წევრების თანახმად, ისინი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან.
დაჯგუფებების განცხადებით, მიმდინარეობს „შეზღუდული სამხედრო ოპერაციის აქტიური ფაზა“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 14 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებად“ აქციეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სხვა გზა არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი უფლებებისთვის პუტინის რეჟიმს იარაღით ებრძოლონ.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.