მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან

გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა

„რუსული ძალები განაგრძობენ უკან დახევას ხერსონის ოლქის დასავლეთიდან და ემზადებიან მანევრირებული თავდაცვისთვის“, ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ მოხსენებაში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დატოვეს სოფლები ჩარივნოე და ჩკალოვო , ქალაქ ბერისლავიდან კი ოფიცრებისა და მედიკოსების ევაკუაცია განხორციელდა. ხერსონი დატოვა მოსახლეობის ნაწილმაც.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთები ემზადებიან მოწინააღმდეგის შეკავებისათვის: ნოვა კახოვკას საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ კაშხლის ჩამონგრევის რისკის გამო კახოვკის წყალსაცავმა გაზარდა წყლის ხარჯის მოცულობა. ISW-მ არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევის დროს შეიძლება ააფეთქონ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რაც გამოიწვევს რეგიონის დიდი ნაწილის დატბორვას.

22 ოქტომბერს საოკუპაციო ხელისუფლებამ ხერსონის ყველა მაცხოვრებელს უბრძანა დაეტოვებინა ქალაქი – “ფრონტზე დაძაბული სიტუაციის, ქალაქის მასობრივი დაბომბვისა და ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო”. ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისას, რუსეთი ცდილობს დატოვოს სოფლები და ქალაქები მოსახლეობის გარეშე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის მიერ გათავისუფლებული რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ პოტენციალზე.

გარდა ამისა, ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის მასობრივი დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რაც ორი კვირაა გრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენენ უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე, მაგრამ ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მზარდ საფრთხეს წარმოადგენენ სიცივეების დაწყების გათვალისწინებით.

ამასთან გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის მთავრობამ გაავრცელა, რომლის ცნობითაც, უკრაინულმა მხარემ მიიღო ხუთი საევაკუაციო ჯავშანმანქანა Bergepanzer 2, შვიდი მძიმე და საშუალო პონტონური სისტემა, 167 ათასი ვაზნა ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 30 საზენიტო თვითმავალი დანადგარი „გეპარდი“, Stinger 500 საზენიტო რაკეტა, 15 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 350 ათასი დეტონატორი ასევე დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა.

ამას გარდა, უკრაინამ გერმანიისგან მიიღო სხვადასხვა აღჭურვილობა და სამხედროებისთვის ზამთრის ეკიპირება.

მანამდე, გერმანიამ უკრაინას უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი IRIS-T გადასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button