მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ძალებმა დაბომბეს საავადმყოფოები, მათ შორის ერთ-ერთში 50 ადამიანი დაიწვა

მარიუპოლის მცველი “აზოვის” ბატალიონის მეთაურის მოადგილე ყვება, რომ ბოლო დღეებში ქალაქზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს კი მაშინ, როცა ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ხალხია მოყოლილი და მათ ვერაფერითს შველიან.

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან რეგიონში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 210 ბავშვი გარდაიცვალა.

ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის ძალებმა დაბომბეს საავადმყოფოები, მათ შორის ერთ-ერთში 50 ადამიანი დაიწვა.

ბოიჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია.

ოთხშაბათს დაახლოებით 1000-მა ადამიანმა შეძლო ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქიდან გასვლა ავტობუსებისა და კერძო მანქანების კოლონით, რომელიც ორგანიზებული იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ. ისინი ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში იმყოფებიან.

წითელი ჯვრის გუნდი ხუთი დღის განმავლობაში ცდილობდა მარიუპოლამდე მისვლას, თუმცა რუსების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ვერ ახერხებდნენ ქალაქში შესვლას.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქში ბოლო 24 საათში 118 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათი თქმით, რუსი ჯარისკაცები გვამებს აგროვებენ, რათა ომის დანაშაულის მტკიცებულებები მობილური კრემატორიუმით გაანადგურონ.

ცნობისთვის, მარიუპოლი თითქმის მთელი თვეა ბლოკადაშია და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშედგას. ქალაქის 90% განადგურებულია.

მარიუპოლისგან განსხვავებით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქშიც, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბალაკლიაზე მორიგი იერიში მიიტანეს და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა, რეგიონული პროკურატურის ხელმძღვანელობით, მომხდარზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.

“გამოძიების თანახმად, 2022 წლის 6 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ბალაკლიაში საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი. სახლების ნაწილი განადგურდა”, – აცხადებენ ხარკოვის საოლქო პროკურატურაში.

ცნობისთვის, ეს რუსი ოკუპანტების მხრიდან ბალაკლიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, 2 აპრილს, აგრესორებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის საავადმყოფოს, როდესაც იქ პაციენტები და პერსონალი იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად შენობა დაზიანდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, 3 აპრილს, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებითაც საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტების ევაკუაცია ხორციელდებოდა. დაიღუპა ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button