რუსეთის გენშტაბი წარმომადგენლები პოლკ „აზოვის“ წევრების გადაბირებას ცდილობდნენ

„აზოვის“ მეთაურების ბრიფინგზე პოლკის შტაბის უფროსმა, მაიორმა ბოგდან კროტევიჩმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დატოვებისას რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები პოლკ „აზოვის“ წევრების გადაბირებას ცდილობდნენ, რათა მათ აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ ებრძოლათ.
„აზოვის“ პოლკის შტაბის უფროსმა, ბოგდან კროტევიჩმა განაცხადა, რომ რუსებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ტყვეობაში მყოფი უკრაინელების მიმართ.
მისი თქმით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ იციან როგორ მოახდინონ ზეწოლა ადამიანებზე.
“კონკრეტულად „აზოველებთან“ დაკავშირებით, მთავარ სადაზვერვო სამმართველოს შემდეგი ჰქონდა შემუშავებული: როცა ტყვეობიდან გამოვედით, მათ სურდათ „აზოვის“, როგორც ქვედანაყოფის გადაბირება იმით, რომ, ბიჭებო, თქვენ კარგად იბრძვით და მოდით, ერთად გავანადგუროთ დასავლეთი და აშშ. „აზოველებს“ ერთსულოვნად ერთი აზრი ჰქონდათ – ისინი ჩვენი მტრები არიან, ჩვენ უკრაინელი მებრძოლები ვართ, უკრაინა ჩვენი სამშობლოა“, – აღნიშნა კროტევიჩმა.
მისი თქმით, „აზოველებს“ ამაზე ერთსულოვანი აზრი ჰქონდათ, რომ რუსები უკრაინის მტრები იყვნენ.
„ჩვენ უკრაინელი სამხედროები ვართ, უკრაინა ჩვენი სამშობლოა. მე დავიბადე 1993 წელს. დავიბადე დამოუკიდებელ უკრაინაში, ჩემთვის მოტივაციაა ბრძოლა ნებისმიერის წინააღმდეგ, ვინც თავს დაესხმება ჩემს ქვეყანას – იქნება ეს რუსეთის ფედერაცია თუ სხვა ქვეყანა. ასე რომ, ისინი ჩვენთვის მტრები არიან“, – ხაზგასმით აღნიშნა კროტევიჩმა.
მისი თქმით, „ბევრმა ასე უპასუხა. ამიტომ დასრულდა ეს ისტორია“, – დასძინა მან.
მან ჟურნალისტებს ტყვეობასთან დაკავშირებული კითხვების დასმისგან თავის შეკავება სთხოვა, ვინაიდან, ამან, მისი თქმით, შესაძლოა, ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფების მდგომარეობას და გათავისუფლების პროცესს ავნოს.
ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ ახლა ძალოვან უწყებებთან მუშაობენ – კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, ირღვეოდა თუ არა რუსეთის მხრიდან მათი საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები.
ბრიფინგზე ითქვა, რომ პოლკის მეთაურებმა, პირად შემადგენლობასთან ერთად, რამდენიმე დღე გაატარეს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე. შემდეგ ოფიცრები გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სადაც ტყვეობიდან გამოხსნამდე რჩებოდნენ.
კროტევიჩის თქმით, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მიერ გაცემული გარანტიების მიუხედავად, სეპარატისტულმა ძალებმა წაიყვანეს რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც, რომლებიც “აზოვსტალს” ტოვებდნენ.
მაიორ ბოგდან კროტევიჩმა „აზოვსტალის“ დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ტყვედ ჩაბარების შესახებ „აზოვსტალში“ სარდლობამ დაჭრილების სამედიცინო მდგომარეობის გამო მიიღო – როგორც კროტევიჩმა თქვა, 600 დაჭრილიდან 300-ს იარების ლპობა დაეწყო.
“პოლკ „აზოვის“ მეთაურს, დენის პროკოპენკოს, უკრაინის პრეზიდენტთან ჰქონდა კავშირი, მთავარსარდალთან, გენერალ ზალუჟნისთან და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, გენერალ ბუდანოვთან. ჩვენი გასვლის მთელი ეს ოპერაცია კოორდინირებული იყო სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან. მძიმე ოპერაცია იყო. ძალიან გაგვიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იმ დროს გვყავდა 600 დაჭრილი და მათგან 300 უბრალოდ ლპებოდა. ისინი ნელ-ნელა იხოცებოდნენ, ამიტომ ოფიცერთა მთელმა კორპუსმა ერთხმად გადაწყვიტა ტყვედ ჩაბარება, რათა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ ბუნკერის საავადმყოფოში მყოფი ჯარისკაცებისთვის. ჩვენ არ გვქონდა მედიკამენტები და აღჭურვილობა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. დიახ, შეთანხმებული იყო ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ არჩევანის უფლებაც მოგვცა“, – თქვა მან.
პოლკ „აზოვის“ მეთაურებს ამ დრომდე ურთიერთობა არ ჰქონიათ გათავისუფლებულ მეთაურებთან, დენის პროკოპენკოსა და სვიატოსლავ პალამართან. ისინი იმყოფებიან თურქეთში, პრეზიდენტ ერდოანის მფარველობის ქვეშ.
21 სექტემბერს უკრაინამ რუსეთს გადასცა ვიქტორ მედვედჩუკი (უკრაინელი პოლიტიკოსი, ლიდერი პრორუსული პარტიისა “ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის”, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აიკრძალა. ის 2022 წლის აპრილში დააკავეს მას შემდეგ, რაც გაიქცა შინაპატიმრობიდან, რომელშიც სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით იმყოფებოდა) და 55 სამხედრო ტყვე. სანაცვლოდ დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი. რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორის იყო პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი. ასევე – ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები და მედიკოსები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 124 ოფიცერია.
უკრაინელი მეომრების გარდა, რუსეთმა გაათავისუფლა 10 უცხოელი მებრძოლიც. დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, შვედეთის, ხორვატიის და მაროკოს მოქალაქეები ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფებიან. გათავისუფლებულთა შორის არიან ბრიტანელები შონ პინერი და ეიდენ ესლინი და მაროკოელი საადუნ ბრაჰიმი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აპრილში დაატყვევეს, ივნისში კი, მათ სიკვდილი მიუსაჯა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“.
21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის 215 დამცველი, მათ შორის „აზოვის“ 108 მებრძოლი, ტყვეობიდან გაათავისუფლეს.