რუსეთის ინტერესშია საქართველოში სტაბილური ვითარება აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირება აბსურდულია-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს.
უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.
„ჩვენ მსგავსი გეგმების შესახებ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას ვხედავთ. მაგრამ, ალბათ, მათ მისი რუსეთის პროექტად მიჩნევის მცდელობის აბსურდულობა უნდა ავუხსნათ. ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ახლა მათ თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის, მათ ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, ფულს იღებს ან უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
თემაზე გამოხმაურების დროს დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ინტერესშია საქართველოში სტაბილური ვითარება. ამასთან, მან ოპოზიციის რეაქციაზე ისაუბრა.
„საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენს ინტერესებშია ის, რომ საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, ადევნებს თუ არა კრემლი თვალს საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო შექმნილ ვითარებას, რაზეც მან უპასუხა:
“არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა”, – თქვა პესკოვმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, ასევე – ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე “ქართულმა ოცნებამ” იმთავითვე განმარტა, რომ მასში ზუსტად იგივე ტექსტია, როგორც შარშან ინიციირებულ კანონპროექტში, მხოლოდ ერთი განსხვავებით – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომელთა უმეტესობის დეკლარირებული მიზანი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების ხელშეწყობაა, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო მოსთხოვს, თავად თქვან, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები“ არიან, – და ამ სახელდებით დარეგისტრირებას აიძულებს საჯარო რეესტრში.
ამის შემდეგ ორგანიზაცია ვალდებული იქნება, წარადგინოს საფინანსო დეკლარაცია/განაცხადი. რუსეთის ფედერაციაში ასეთივე კანონმა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო გამკაცრდა, გამოიწვია ავტორიტარიზმის გამყარება, დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟი და ალტერნატიული ხმების ჩახშობა.
შეგახსენებთ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა.
რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
რუსული კანონი “ჯაშუშების” გამოსავლენად – რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.