მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ჯარები უახლოეს მომავალში ბახმუტის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ჯარები უახლოეს მომავალში ბახმუტის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ.

“როგორც ჩანს, რუსულმა ჯარებმა მოიპოვეს საკმარისი პოზიციური უპირატესობა ბახმუტის გარკვეულ რაიონებში, მაგრამ უკრაინულ ძალებს უკან არ დაუხევიათ და სავარაუდოდ, მალე ვერ შეძლებენ ქალაქის ალყაში მოქცევას. 4 მარტს, რუსულმა ძალებმა ბახმუტთან ერთი შეზღუდული, დადასტურებული შეტევა განახორციელეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის არმია 5 მარტს აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერია მტრის 130-ზე მეტი შეტევა, და რომ რუსეთის მხარეს დიდი დანაკარგი მიადგა – თუმცა არ იუწყება აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის ბედზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის სრულადაა რუსეთის ალყაში.
ამერიკელი ექსპერტების თქმით, უკრაინელებს კვლავ შეუძლიათ ბახმუტში თავიანთი პოზიციების დაკავება. ამასთან, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგებს განიცდიან.

“რუსულმა ჯარებმა კატასტროფული დანაკარგები განიცადეს ვუჰლედართან ბოლო სამკვირიანი შეტევის დროს, რის გამოც სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის მწვავე დეფიციტი აქვთ. ეს, სავარაუდოდ, ხელს უშლის რუსეთის ჯარებს ამ მიმართულებით თუნდაც მოკრძალებული წარმატების მიღწევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

თავის ყოველდღიურ ანგარიშში 5 მარტს უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება რუსეთის შეტევებზე ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანის და შახტარის მიმართულებებით დონეცკში, ისევე, როგორც ჩრდილოეთით, ხარკოვის რეგიონში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარალელურად ისაუბრა კიევის მზადებაზე და დასავლეთის მხარდაჭერაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში – როგორც მორიგ ასპექტზე საერთაშორისო მხარდაჭერისა, რომელსაც უკრაინელები იღებენ ერთი წლის წინ მათ ქვეყანაში შეჭრილი რუსეთის მოგერიების ფონზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან დასავლეთ უკრაინაში შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ თქვა: “ამოცანაა ყველაფრის აქტიურად მომზადება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ინტენსიფიკაცია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button