რუსეთის მხრიდან კიევის მიმართულებით დრონებით იერიში არ წყდება

მეორე ღამეა, რუსეთი კიევის მიმართულებით დრონებით იერიშს ახორციელებს. უკრაინის დედაქალაქში ღამით საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა.
როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მისადგომებთან მტრის დაახლოებით ათი სამიზნე გაანადგურეს.
მისივე ცნობით, არსებული ინფორმაციით, კიევში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ნგრევა. იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან. სერგეი პოპკოს თქმით, რუსეთის ძალებმა თავდასხმისთვის კვლავ „შაჰიდის“ ტიპის დრონები გამოიყენეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ 18 ნოემბრის ღამით უკრაინის ძალებმა ქვეყნის თავზე 30-მდე კამიკაძე-დრონი გაანადგურეს.
„რაც უფრო ახლოს არის ზამთარი, მით მეტი იქნება რუსეთის მხრიდან მცდელობა, გახადონ დატყმები უფრო მძლავრი. ყველა ჩვენგანისთვის უკრაინაში მნიშვნელოვანია, ვიყოთ ეფექტიანები 100 პროცენტით, ყველა სირთულის, გადაღლილობის მიუხედავად, უკრაინის დასუსტების ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად“, – განაცხადა პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.
“19 ნოემბრის ღამეს მტერმა კვლავ შეუტია ჩვენს ქვეყანას Shahed 136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. მტრის 20 დრონიდან 15 განადგურებულია. ოკუპანტების მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა შუაღამისას მოხდა”, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
მანამდე, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 38 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, აქედან უკრაინელებმა 29 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინას დრონებით ჩრდილოეთიდან (კურსკის ოლქი) უტევდნენ. მათი საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, პოლტავისა და ჩერკასის რეგიონებში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.