რუსეთის მუქარას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო პასუხობს და ოკუპანტს აფრთხილებს
დღეიდან რუსეთი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ

კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად – რუსეთის მუქარას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით პასუხობს და ოკუპანტს აფრთხილებს:
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 21 ივლისის 00:00 საათიდან გემები, რომლებიც მიემართება რუსეთის საზღვაო პორტებისა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისაკენ, შესაძლოა, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩაითვალოს.
“უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება ჩათვალოს სამხედრო ტვირთის გადამზიდად”, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული კრეისერ „მოსკვას“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.
უწყება ასევე აცხადებს, რომ 20 ივლისის 05:00 საათიდან “შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და უკრაინის ქერჩ-იენიკალის სრუტის რაიონებში გადაზიდვა აკრძალულია,” ხოლო მეზღვაურებს შესაბამისი ინსტრუქცია უკვე გადაეცათ.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შავი ზღვის პორტებისაკენ მიმავალი ნებისმიერი გემი განხილულ იქნება, როგორც სამხედრო ტვირთის გადამზიდი.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარას, მიუხედავად მათზე აღმართული დროშისა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ხორბლის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, 19 ივლისს რუსეთმა განაცხადა, რომ დღეიდან უკრაინის პორტებისაკენ მიმავალი ნებისმიერი გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდველად ჩაითვლება, ხოლო ქვეყნები, რომელთა დროშის ქვეშაც გემები გამოჩნდებიან, კონფლიქტში ჩართულ მხარეებად იქნებიან მიჩნეულნი.
ცნობისთვის დღეიდან, 20 ივლისიდან, რუსეთი „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ აცხადებს ყველა გემს, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებიან. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. დღეიდან რუსეთი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში მიზეზად დასახელებულია ის, რომ ფუნქციონირება შეწყვიტა „შავი ზღვის ინიციატივამ“ და საზღვაო ჰუმანიტარულმა დერეფანმა, რომლითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა უკრაინიდან ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ზოგიერთი რაიონი ნაოსნობისთვის საშიშად ცხადდება და დადგენილი წესით გაგზავნილია საინფორმაციო შეტყობინება უსაფრთხოების გარანტიების გაწვევის შესახებ“.
რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება”. გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა, უკრაინამ შუამავალ გაეროს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც”, რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან.
რუსეთი გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.
რუსეთი ირწმუნება, რომ ვერ ახორციელებს სურსათის და სასუქების ექსპორტს, რასაც დასავლეთის სახელმწიფოები სიცრუეს უწოდებენ, რადგან ეს პროდუქცია სანქცირებული არ არის. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სურსათის იარაღად გამოყენებაში. უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა და ბოლოს 17 ივლისს ამოიწურა.