მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ომის 419 დღე ოკუპანტი ქვეყანა უკრაინას საჰაერო ძალებით უტევს

უკრაინაში ომი გრძელდება – ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს.
ოკუპანტები საჰაერო საარტილერიო დარტყმებს აძლიერებენ ბახმუტზე. დაიბომბა დნიპროპეტროვსკის ოლქიც. შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რაიონზე. დარტყმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე შეტევისას დაიჭრა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე თავდასხმას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გენპროკურატურის ცნობით, 83 წლის ქალი საკუთარი სახლის ტერიტორიაზე დაიღუპა.
მომხდარზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ომის დანაშაულებისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით დაიწყო
ოფიციალური უკრაინის ცნობით, “რუსეთმა შეაჩერა შეტევა და გადავიდა თავდაცვაზე”.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია არტილერიით დაბომბეს.
დაბომბვის ადგილის მახლობლად არცერთი სამხედრო ობიექტი არ არის განთავსებული.
უკრაინის არმიამ ხერსონი გასული წლის ნოემბერში თითქმის რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ დაიბრუნა. ქალაქის ტერიტორია ხშირად იბომბება რუსული ძალების მხრიდან, რომლებიც მდინარე დნეპრის მოპირდაპირე მხარეს არიან განლაგებული.

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, რუსების საჰაერო იერიშის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
“სვატოვოს რაიონის სოფელ ნოვოეგორივკას რუსული დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კისერზე, ხელებსა და ფეხებში დაიჭრა”, – თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს 46 წლის ქალი.
“გუშინ მტრის ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, სადაც ხალხი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, ძლიერი დაბომბვის გამო, ცეცხლმოკიდებული ნანგრევებიდან ხალხის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – დაწერა მან.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბოლო დღეებში მტერი თითქმის განუწყვეტლივ იყენებს ტაქტიკურ თვითმფრინავებს რეგიონის დეოკუპირებული დასახლებების დასაბომბლად.
დარტყმების სამიზნე გახდა მიკოლაივის ოლქიც. აფეთქებების ხმა ქალაქ სნეგირივკაში ისმოდა.
ამავდროულად, რუსები აგრძელებენ შეტევას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ მიმართულებით რუსულმა ჯარებმა ტაქტიკა შეცვალეს და მოსახლეობაზე, საჰაერო თავდასხმებზე გადავიდნენ.
„მტერმა შეცვალა ტაქტიკა, იმის გამო, რომ მას სულ უფრო უჭირს სახმელეთო პოზიციების დაკავება. ჩვენ ისინი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიიდან გავაძევეთ და ხვდებიან, რომ ვერ დაიმალებიან. ამიტომ ისინი ამის ანაზღაურებას საჰაერო თავდასხმებით ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობაზე”- განაცხადა ჰუმენიუკმა.
მისი თქმით, მტერი მართვად ბომბებს საფრენ აპარატებზე ამონტაჟებს და მათ ხალხმრავალ ადგილებსა და ავტომობილებზე იერიშის მისატანად იყენებს. ჰუმენიუკის თქმით, ესაა კლასიკური ტერორიზმის მაგალითია, რადგან თავდასხმები არ არის მიმართული სამხედრო ობიექტებზე.
„ბოლო სამი დღეა მტერმა გააძლიერა შეტევები უპილოტო თავდასხმის თვითმფრინავებით. ისინი ცდილობენ დაარტყან ხერსონის ოლქის ტერიტორიას, კერძოდ, სნიგურევის თემს. ამრიგად, ოკუპანტები ცდილობენ შეახსენონ უკრაინის მოსახლეობას, რომ მათ აქვთ „გრძელი ხელები“ ​​და შეუძლიათ მიაღწიონ არა მხოლოდ ფრონტის ხაზის ტერიტორიებს“, – თქვა ჰუმენიუკმა.
მისივე განცხადებით, დეოკუპირებული სნიგურივკა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ტერიტორიაა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
.

მსგავსი პოსტები

Back to top button